რაჭაში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმრო „ხათოსის“ დამფუძნებელი, ბესო ხიდეშელი BM.GE-სთან რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რაჭაში გასართობის აქტივობები, სადაც სტუმარი გარდა დასვენების და დათვალიერებისა რამით დაკავდება, ფაქტობრივად არ არის.
მისი ინფორმაციით, სასტუმრო ონის რაიონში, სოფელ კომანდელში ორი წელია ოპერირებს და იმისათვის, რომ მათ სასტუმროში დასვენება მეტად მიმზიდველი გახადონ, მიმდინარე წელს სხვადასხვა აქტივობების დამატებას გეგმავენ.
„რაჭაში გასართობი აქტივობები ფაქტობრივად არ არის. ამასთან, რეგიონში არავინ იცის ინგლისური, რომ მათთან კოლაბორაციით სერვისი გავამრავალფეროვნოთ. წელს, ცხენების ტურს ვამატებთ, რათა ჩვენთან სტუმრობა უფრო მიმზიდველი გახდეს. ასევე, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მენიუ ჩამოვაყალიბოთ და მომხმარებელს კერძების უფრო ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ.
მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს სოფელში არ არსებობს. ონში ერთი ავტობუსი დანიშნეს, რომელიც ჩვენს სოფელთან ასე თუ ისე ახლოს ჩერდება, მაგრამ სოფლისთვის რაიმე მუნიციპალური ტრანსპორტი არ არის გამოყოფილი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სოფელი ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოსაა და ფაქტობრივად ფეხითაც შესაძლებელია ქალაქში ჩასვლა და შესაბამისად, ეს ჩვენთვის ნაკლები პრობლემაა. თან ყველა ვინც ჩამოდის, ძირითადად მანქანით ჩამოდის და მანქანით გადაადგილდებიან.
ასევე პრობლემაა გაზი, რომელიც სოფელში ჯერ არ შემოუყვანიათ და იმედია, წელს შემოიყვანენ, ამასთან დენის ძაბვის პრობლემაცაა,“-აცხადებს ხიდეშელი.
მისივე ცნობით, მათი სტუმრები ძირითადად ქართველები არიან, თუმცა აქტიურად სტუმრობენ რუსეთიდან, უკრაინიდან, სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ტურისტულმა ობიექტმა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა მიიღო და მოგებული თანხით, სასტუმროს ტერიტორიაზე გარე ჯაკუზი განათავსა.
ინფორმაციისთვის, სასტუმრო „ხათოსი“ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ჯამში 11 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. სასტუმროში 5 ადამიანამდე განთავსების ღირებულება ამ დროისათვის, 500 ლარით განისაზღვრება, ხოლო 5-ზე მეტი ადამიანის შემთხვევაში, ფასი იზრდება და 1 ადამიანის დამატების ღირებულება 60 ლარს შეადგენს. ამასთან, თუ სტუმრისგან კვების მოთხოვნაა, თითო ადამიანის ღირებულება 20 ლარს შეადგენს.