მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჭაში კვების ობიექტი „ილინე“ გაფართოვდა – ახალი სივრცე სოფელ წესში გაიხსნა

ილინე

რაჭაში მოქმედი კვების ობიექტი „ილინე“ გაფართოვდა და ახალი ფილიალი სოფელ წესში 20 სექტემბერს გახსნა. ამის შესახებ ობიექტის დამფუძნებელმა, ნინო კერესელიძემ, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

„ილინე“-ს პირველი ობიექტი ნინო კერესელიძემ ამბროლაურში გახსნა და სტუმრებს ადგილობრივ, ავთენტურ რაჭულ გემოებს სთავაზობს. მეწარმის თქმით, ობიექტის გაფართოების საჭიროება მზარდმა მოთხოვნამ და ტურისტების რაოდენობის მატებამ განაპირობა.

„ხუთი წლის განმავლობაში ვერ მოვახერხე ყველა სტუმრის მიღება - მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდებოდა. ახალი ობიექტი გაცილებით დიდი და ვიზუალურად საინტერესო სივრცეა, რაც „ილინესთვის“ განვითარების ლოგიკური ეტაპია“, - აღნიშნა ნინო კერესელიძემ.

მისივე განმარტებით, ახალ ობიექტში მენიუში დაემატა რაჭული ტრადიციული კერძები, მათ შორის პურის მიმართულებაც, რაც ადგილობრივ მეპურეობის ტრადიციას უკავშირდება.

გაფართოება განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის, „მთლიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“-ს ფარგლებში. როგორც დამფუძნებელი განმარტავს, სწორედ ამ პროექტის დახმარებით გახდა შესაძლებელი ახალი ინვესტიციის განხორციელება.

ნინო კერესელიძის თქმით, ობიექტში ამ ეტაპზე შვიდი ქალი მუშაობს, ხოლო „ილინეს“ შეუძლია ერთდროულად დაახლოებით 50 სტუმრის მიღება. ახალმა ობიექტმა უკვე უმასპინძლა 35-კაციან ტურისტულ ჯგუფს და მეწარმის შეფასებით, თუ მომავალში რაჭა ზამთრის კურორტადაც განვითარდება, რეგიონის ტურისტული პოტენციალი და ადგილობრივი ბიზნესების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები