რაჭაში მდებარე რესტორანი „ჭრებალოს მარანი“ გაფართოვდა. ტურისტული ობიექტი სტუმრებს განახლებული სივრცითა და დამატებითი სივრცით უკვე რამდენიმე დღეა მასპინძლობს.
როგორც ობიექტის თანადამფუძნებელი სალომე ლეკიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, ახლად დამატებული დარბაზი, ბარსაც მოიცავს და სტუმრებს განსხვავებული ინტერიერით ხვდება, რომლის დიზაინი "დოდო დიზაინთან" თანამშრომლობით შეიქმნა.
„რესტორანი გავაფართოვეთ - დაგვემატა დარბაზი, თავისი ბარით. მომხმარებლებს განსხვავებული დიზაინის ინტერიერს ვთავაზობთ. ობიექტი სულ რამდენიმე დღეა, რაც გაიხსნა. გახსნის პერიოდი სარემონტო სამუშაოების გამო გაგვიჭიანურდა, თუმცა ახლა ყველაფერი მზად არის. გაფართოების შედეგად, უკვე შეგვიძლია დიდ ღონისძიებებსაც ვუმასპინძლოთ, როგორიცაა ქორწილები, დღესასწაულები, დაბადების დღეები და ა.შ. ახალ სივრცეში 150 ადამიანის მიღება შეგვიძლია, ხოლო სხვა სივრცეების ჩათვლით, ჯამში დაახლოებით 200 სტუმარს ვუმასპინძლებთ“, – აცხადებს სალომე ლეკიშვილი.
მისივე ცნობით, დასაქმების მიმართულებით „ჭრებალოს მარანი“ პირველივე დღიდან ადგილობრივ კადრებს ასაქმებს. ობიექტი სეზონურად თანამშრომლების რაოდენობას ზრდის, თუმცა ძირითად თანამშრომლებს ზამთარშიც ინარჩუნებს.
„პირველი დღიდან ადგილობრივ მოსახლეობას ვასაქმებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ მათ შენარჩუნებას. მართალია, რაჭაში მუშაობა სეზონურია, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ, სეზონი გავახანგრძლივოთ. სტაბილურად 15 ადამიანს ვასაქმებთ, ხოლო ზაფხულში მეტს“, – განმარტავს სალომე ლეკიშვილი.
მისი თქმით, ივლისის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით აქტიური ტურისტული ნაკადია უცხოეთიდან, საიდანაც ლიდერობს გერმანია, ინგლისი, აზიური და პოსტსაბჭოთა ქვეყნები.
რაც შეეხება ინვესტიციას, სალომე ლეკიშვილის ინფორმაციით, რესტორნის გახსნიდან დღემდე ობიექტში დაახლოებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ რაჭაში მდებარე რესტორანი და მარანი „ჭრებალოს მარანი“ პირველად 2022 წელს გაიხსნა, 400 000 ლარის ინვესტიციით. ობიექტი აწარმოებს 7 სახეობის ღვინოსა და ჭაჭას რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებული ჯიშებისგან და 2021 წლიდან პროდუქციის ექსპორტსაც აშშ-სა და ბალტიისპირეთში ახორციელებს.




























