მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში, სასტუმრო Chiora Inn-ს გაზის არარსებობის გამო, დროებით დაკეტვა მოუწია

638dfe444cfc6
თინათინ ნატმელაძე
11.12.22 20:14
869
რაჭის მაღალმთიან სოფელ ჭიორაში, სასტუმრო Chiora Inn-ს გაზის არარსებობის გამო, ოქტომბრის ბოლოს დროებით დაკეტვა მოუწია. ამის შესახებ სასტუმროს მენეჯერმა შორენა რეხვიაშვილმა BM.GE-ს განუცხადა.  

"ჩვენი სასტუმრო 24 ივნისს გაიხსნა, სოფელ ჭიორაში პირველი სასტუმროა და მომხმარებელს სრულ სერვისს ვთავაზობთ - 8 კეთილმოწყობილ ნომერს სველი წერტილებით, რომლებშიც 2-3 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და 24 სტუმარზე გათვლილ კაფეს, სადაც ქართული ტრადიციული, უმეტესად რაჭული კერძები მზადდება: შქმერული, ლობიანი ლორით, ლორი და ა.შ.

ძალიან დატვირთული სეზონი იყო, იმაზე მეტად, ვიდრე ველოდით, თანაბარი რაოდენობით გვყავდა როგორც ქართველი, ისე უცხოელ სტუმრები, რომლებიც გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან ჩამოდიოდნენ.

ოქტომბრის ბოლოს, სოფელში ბუნებრივი გაზის არქონის გამო დროებით დაკეტვა მოგვიწია, რადგან აქ ძალიან ცივა და შეუძლებელია გაზის გარდა, სხვა საშუალებით ისე გაათბო, რომ სტუმარი მოვიდეს. შესაბამისი პირობები რომ არსებობდეს, ზამთარშიც დიდი დაინტერესება იქნებოდა, რადგან სოფელ ჭიორას აქვს იმის რესურსი, რომ ზამთრის კურორტიც იყოს", - აცხადებს შორენა რეხვიაშვილი.

მისივე ცნობით, რაჭის მაღალმთიან სოფლებში ტურისტული ობიექტის ფუნქციონირებას თან სხვა სირთულეებიც ახლავს - რაიონების გარდა არსადაა ქსელური მარკეტები, ზოგიერთი საჭირო პროდუქცია ონსა და ამბროლაურშიც არ იშოვება, გაუმართავია ინტერნეტი და სოფელ ჭიორაში არ არის ნაგვის ურნები.

"სოფელი ჭიორა ონიდან დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, თუმცა ონის გარდა ქსელური მარკეტი არსადაა, კერძებისთვის საჭირო ზოგიერთი პროდუქცია კი ონშიც არ იშოვება, ამიტომ მათი ტრანსპორტირება საჩხერიდან გვიწევს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხარჯია. ასევე, გაუმართავად მოგვეწოდება ინტერნეტი, რაც 21-ე საუკუნეში, როცა ადამიანების უმეტესობა ონლაინ მუშაობაზეა გადასული, დიდი დაბრკოლებაა, ამას ისიც ემატება, რომ სოფელში არ არის ნაგვის ურნები და ნარჩენების საკუთარი მანქანით გატანა გვიწევს.

იმისთვის, რომ რაჭაში სასტუმროებმა ოთხივე სეზონზე სრული დატვირთვით მუშაობა შეძლონ, აღნიშნული პრობლემების მოგვარების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათხილამურო ტრასები მოეწყოს, რაჭას ამის პოტენციალი აქვს", - განმარტავს შორენა რეხვიაშვილი.

Chiora Inn-ი სრულად დამფუძნებლის პირადი ინვესტიციით შეიქმნა, მენეჯერი ზუსტ თანხას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლიურად მხოლოდ 5 თვე ფუნქციონირებენ, ზაფხულის სეზონი იმდენად დატვირთულია, რომ რაჭაში ტურისტული ობიექტების შექმნაში ინვესტიციის ჩადება ღირს.

ინფორმაციისთვის, რომ სასტუმროს ერთი ნომრის ღირებულება 150 ლარია. აქ გასულ სეზონზე 5 ადგილობრივი იყო დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები