მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჭაში ყველაზე მეტს ქართველი სტუმრები ხარჯავდნენ - „ჭრებალოს მარანი“ სეზონს აფასებს

ჭრებალოს მარანი

რაჭაში მდებარე გასტროტურისტული სივრცე „ჭრებალოს მარანი“ 2025 წლის ტურისტულ სეზონს წარმატებულად აფასებს.

როგორც ობიექტის თანადამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აღნიშნა, მიმდინარე სეზონზე რაჭაში განსაკუთრებით მაღალი სტუმრიანობა იყო, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტების მხრიდან.

„წლევანდელი სეზონი ნამდვილად გამორჩეული იყო. რაჭაში ყველა ობიექტს უხვი სტუმარი ჰყავდა, აგვისტო კი განსაკუთრებით დატვირთული თვე აღმოჩნდა. უკვე რამდენიმე წელია ვიცით, რომ აგვისტო ყოველთვის აქტიურია, მაგრამ წელს მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა“, - ამბობს ლეკიშვილი.

მისივე თქმით, ვიზიტორების უმრავლესობას ადგილობრივი, ქართველი სტუმრები წარმოადგენდნენ, რომლებიც ხარჯვის მხრივ გამორჩეულად აქტიურები აღმოჩნდნენ:„ ქართველი სტუმარი მაღალი ხარჯვის უნარით გამოირჩევა რაჭაში ნამდვილად ხარჯავენ. ეს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ რეგიონში სხვა ობიექტებშიც შესამჩნევია.“

ამასთან, ლეკიშვილის თქმით, გაიზარდა უცხოელი ტურისტების რაოდენობაც, რაც წინა წლებთან შედარებით განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო: „წელს ბევრი სტუმარი გვყავდა გერმანიიდან, ბრიტანეთიდან და ისრაელიდან. სექტემბრის ბოლოს კი პირველად გვესტუმრნენ იაპონელი ტურისტებიც, რაც სიახლე იყო ჩვენთვის და ძალიან გაგვახარა“, - აღნიშნა მან.

ლეკიშვილის შეფასებით, იაპონელი და ევროპელი სტუმრები მაღალი ხარჯვის უნარით გამოირჩევიან, თუმცა მაინც ქართველები რჩებიან ყველაზე აქტიურ მომხმარებლებად.

მისი თქმით, გასტროტურიზმის განვითარება რაჭაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და რეგიონის პოტენციალი ყოველწლიურად იზრდება.
„შესაძლოა ითქვას, რომ მოთხოვნამ წელს მიწოდებას გადააჭარბა, რაც რეგიონისთვის საუკეთესო მაჩვენებელია და გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ მომავალ სეზონზე კიდევ უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება", - თქვა სალომე ლეკიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები