მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაჭაში ზოგიერთი ვენახი სრულად განადგურდა, რომელიც გადარჩა იქ ხარისხი ძალიან კარგი იყო" - მეღვინე

რთველი

"წელს რაჭის ვენახებში ასეთი უცნაური ტენდენცია გამოიკვეთა - ზოგიერთი ვენახი სრულად გაფუჭდა, ისე, რომ მცირე რაოდენობის გადარჩევაც ვერ მოხერხდა, თუმცა იმ ვენახებში, რომელიც კლიმატურ პროცესებს გადარუჩა, საკმაოდ კარგი ხარისხის მოსავალი მოვიდა", - ამის შესახებ BMG-ის "მეღვინეობა მელიტონის" დამფუძნებელმა გიორგი სხირტლაძემ განუცხადა.

მისივე ცნობით, წინა წელს, როცა ვენახები მასიურად დაზიანებული არ იყო, მოსავლის ხარისხი წლევანდელზე ბევრად უარესი იყო, თუმცა წლევანდელმა ამინდმა და კლიმატურმა ცვლილებებმა განაპირობა ის, რომ მეღვინეობებს კონკრეტული ჯიშების სრულად ამოღება მოუწიათ.

"ჩვენ დაახლოებით 50 ტონა ყურძენი გადავამუშავეთ, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია, თუმცა ამის პარალელურად რაღაც ჯიშების ამოღება მოგვიწია, კონკრეტულად ოცხანური საფერე 2023 წელს არ გვექნება, რადგან ჩვენი ვენახი იმ დონეზე იყო დაზიანებული, რომ გამორჩევა შეუძლებელი გახდა. ეს რიგ შემთხვევაში უხვი ნალექის, ზოგიერთში კი პრეპარატების არასაკმარისი რაოდენობის გამო მოხდა, აუცილებელია, რომ ეს პროცესები მართვადი იყოს და ფერმერებმა ვენახს სწორი გზით მოუარონ", - ამბობს მეღვინე.

გიორგი სხირტლაძემ ჩვენთან საუბრისას რაჭაში რთველის სუბსიდირების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ის თანხა, რასაც ფერმრებს სახელმწიფო უხდის, მათთვის მომგებიანია, სუბსიდირება ყურძნის ხარისხს აფუჭებს, რაც იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მოსავალს იბარებენ, მნიშვნელოვანი გამოწვევა ხდება.

"რა თქმა უნდა, კარგია, რადგან აქვთ გარანტია, რომ თავიანთ მოსავალს გაყიდიან, თუმცა ეს ხარისხს აფუჭებს, რადგან ისინი უკვე რაოდენობაზე მუშაობენ და არა ხარისხზე, შესაბამისად იმ მეღვინეობებს, რომლებიც ყურძენს ვიბარებთ, საკმაოდ დიდი შრომის გაწევა, ბევრ ვენახში სტუმრობა, მისი ხარისხის უფრო მეტი დაკვირვებით შემოწმება გვიწევს", - განაცხადა გიორგი სხირტლაძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც წინა წელს, 2023 წლის რთველზეც მთავრობამ ერთ კილოგრამ ყურძენში 4 ლარი გადაიხადა იმ შემთხვევაში, თუ კი კომპანიები ფერმერებს 7 ლარს უხდიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები