მეღვინეობების „რტონის“ და „მელიტონის“ დამფუძნებელი bm.ge-სთან იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც ქართულ მეღვინეობას აქვს. გიორგი სხირტლაძე აღნიშნავს, რომ წელს ვენახები დაავადებების მიმართ არამდგრადი იყო, შესაბამისად, პროფესიონალების მიერ უნდა დადგინდეს, რამ განაპირობა ეს და შემდგომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს.
„როგორც მევენახეებს, ასევე მეღვინეებს უპირველესად ხარისხიანი ყურძენი სჭირდებათ. წლევანდელი წლის ყურძენი დაავადებების მიმართ არამდგრადი იყო და, ჩემი აზრით, შესწავლილი უნდა იყოს რამ გამოიწვია ეს - მაინც და მაინც სეტყვის ბრალი არ არის, შესაბამისად, პრევენციის საშუალებად მხოლოდ ბადეებს ვერ დავასახელებთ. რა თქმა უნდა, ეს სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ და დაადგინონ რამ განაპირობა ასეთი წელი“, - ამბობს „რტონის“ და „მელიტონის“ დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა მილიონობით ლარს რთველის სუბსიდირებისთვის წელსაც დახარჯავს. "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვის, გადამუშავებისა და შენახვისთვის წელს 60 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა, თუმცა ჯამში რა დაუჯდება ბიუჯეტს წლევანდელი რთველი, ეს თვის ბოლოს გამოჩნდება, როცა კომპანიები სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპანიები სუბსიდირების მიღებაზე განაცხადებით მიმართავენ.
გიორგი სხირტლაძე bm.ge-სთან რთველის სუბსიდირებას აფასებს და ამბობს, რომ სუბსიდირებას ორი მხარე აქვს, ერთი მხრივ ის ფერმერებისთვის კარგი ხელშეწყობაა, მეორე მხრივ, კი მეღვინეობებს პრობლემებს უქმნის.
„სუბსიდირება - კონკრეტულად რაჭაში ყურძნის მწარმოებლებისთვის ძალიან კარგია, ფინანსურად დიდი ხელშეწყობაა, რადგან იციან, რომ მათი ყურძენი აუცილებლად გაიყიდება.
თუმცა არის მეორე მხარეც. სუბსიდირება მეღვინეობებს უშლის ხელს. მათთვის რთულია ბაზარზე ხარისხიანი ყურძნის შეძენა. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ვენახები გვქონდეს და ჩვენ გამოვზარდოთ ის ყურძენი, რაც გვჭირდება.
ამიტომ, სუბსიდირებას ორი მხარე აქვს. ის ფერმერებისთვის ძალიან კარგია, რადგან მათ შეუძლიათ დაგეგმვა, ვენახის მენეჯმენტი, თუმცა ზოგადად ქვეყანაში ყურძნის ხარისხზე ცუდად აისახება, რადგან ფერმერი ხარისხს აღარ უყურებს და აქცენტს რაოდენობებზე აკეთებს“ - განმარტავს გიორგი სხირტლაძე.
ინფორმაციისთვის: ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული თანხა 138 მილიონ ლარამდე 2021 წელს დახარჯა. გასულ წელს ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესყიდვას კი გამოყოფილი 150 მილიონიდან მხოლოდ 100 მილიონამდე ლარი მოხმარდა. წელს ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, ₾60 მილიონი უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით უნდა გამოიყოს.