მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ რთველზე ამერიკისთვის შეკვეთას ვამზადებთ - "ამბრა"

მეღვინეობა ამბრა

რაჭაში მდებარე მეღვინეობა „ამბრაში“ ერთ კვირაში ყურძნის კრეფას დაიწყებენ. როგორც „ამბრას“ დამფუძნებელი აკაკი სირაძე bm.ge-სთან ამბობს, რაჭაში კახეთთან შედარებით მშვიდ რთველს ელოდებიან, რადგან სტიქიების გამო, დაზიანება შედარებით ნაკლებია.

„პრობლემა არის ის, რომ რაჭაში რამდენიმე დღეა, რაც წვიმები დაიწყო, სავარაუდოდ 1 კვირაში გამოიდარებს, მოსავალი ნორმალურია, დაზიანება ნაკლებია კახეთთან შედარებით უფრო მშვიდი რთველი გვექნება.

ჩვენი მოსავალი 10%-ით შემცირებულია, ვაზის ყვავილობის დროს ცუდი კლიმატური პირობები იყო, რამაც მოსავლის შემცირება განაპირობა, მცირედმა სეტყვამაც დააზიანა ვენახები. შარშან მივიღე 7 ტონა ყურძენი, წელს კი 6 ტონამდე მოსავალს - ან უფრო ნაკლებს ველოდებით“ - განმარტავს „ამბრას“ დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა 13 სახეობის ღვინის ექსპორტს ევროპის ქვეყნების, ასევე ჩინეთის, იაპონიის მიმართულებით ახორციელებს. აკაკი სირაძე ამბობს, რომ ექსპორტი სტაბილურად გაგრძელდება, თუმცა ახალი შეკვეთები აქვთ ამერიკიდან.

„ექსპორტი სტაბილურად დაგეგმილია, მაგრამ ერთი კვირის წინ ამერიკამ ახალი რაოდენობები, ცქრიალა ღვინო, შემიკვეთა. ამ რთველზე ამერიკის შეკვეთას ვამზადებთ“ - ამბობს ის.

მეღვინეობა “ამბრა” ქართულ ბაზარზე 2019 წელს “ქვე შენიჭირიმეს” სახელით გამოჩნდა, თუმცა მოგვიანებით რებრენდინგი განიცადა და მას შემდეგ ახალი სახელით პოზიციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები