რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ რაჭის რეგიონში არსებული 150-ზე მეტი სოფლიდან ნახევარი უკვე გაზიფიცირებულია - ამის შესახებ მარგველიძემ BMG-ს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
მისი თქმით, გაზიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება, თუმცა მისი დასრულების თარიღი არ დაასახელა.
“გაზიფიცირება მიმდინარეობს ეტაპობრივად, დაგეგმილია სოფლების გაზიფიცირება, მათ შორის, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც და ეს პროცესი მიმდინარეობს. რაჭაში ძალიან ბევრი, 150-ზე მეტი სოფელია და ნახევარი უკვე გაზიფიცირებულია, ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება”, - ამბობს პაპუნა მარგველიძე.
მიუხედავად გაზიფიცირების პროგრამისა, რაჭაში სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები BMG-სთან ხშირად საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ტურიზმის სფეროში ბუნებრივი აირის პრობლემა ქმნის.
პაპუნა მარგველიძე მედიასთან აცხადებს, რომ წელს რაჭაში ტურიზმის მაჩვენებლების ზრდას ელოდებიან.
“ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ზრდას ველოდებით, რაც უკვე შეინიშნება როგორც რაჭაში, ასევე ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და, მათ შორის, ონის მუნიციპალიტეტის, შოვის მიმართულებითაც. რა თქმა უნდა, რაჭის უნიკალური ბუნების მიმართ ტურისტების მხრიდან დაინტერესება არსებობს”, - აცხადებს რაჭის რწმუნებული.
ცნობისთვის, გაზიფიცირების პროცესი რაჭაში 2016 წელს დაიწყო და ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც მოეწყო, თუმცა, მიუხედავად ცენტრალური მთავრობის გეგმისა, რეგიონში რჩება სოფლები, რომლებსაც ბუნებრივი აირი დღემდე არ მიეწოდება. 2020 წელს მთავრობამ, გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, გაზიფიცირების პროგრამის 3-წლიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 2024 წლისთვის საქართველოში გაზიფიცირების პროცესი, ფაქტობრივად, სრულად უნდა დამთავრებულიყო.