საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაოები 5 მდებარეობაზე პარალელურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 5 სხვადასხვა მდებარეობაზე (კმ106.6-კმ109, კმ109.5, კმ114, კმ119, კმ125) ეწყობა ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამბა, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები და ბეტონის კედელი.
"ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე უკვე დასრულდა ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამბის, 3 მეტრის სიმაღლის ე.წ. ბერმის მოწყობა. ამავე გზის კმ106.5-კმ109 და 114-ე კმ მონაკვეთებზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეებისა და ბეტონის ბლოკებისგან კედლის მოწყობა, ხოლო 109-ე კმ-ზე ეწყობა ბეტონის ბლოკების კედელი", - იტყობინება ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ხელს შეუწყობს გზაზე უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას, მოსალოდნელი მავნე ზეგავლენის პრევენციას და კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფას.
პროექტის ღირებულება 4,2 მლნ. ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.