მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჭის ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ადამიანური რესურსია - „კესანე - არ დამივიწყო”

კესანე - არ დამივიწყო

რაჭაში მდებარე ტურისტული და გასტრონომიული ობიექტის „კესანე - არ დამივიწყოს“ დამფუძნებელმა, გვანცა ყრუაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ რეგიონში არსებულ საკადრო პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანური რესურსის დეფიციტი რეგიონიდან მასობრივ მიგრაციას უკავშირდება.

„რეგიონში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, თუნდაც გვინდოდეს უფრო დიდხანს ვიფუნქციონიროთ, ამისთვის გვჭირდება არა მხოლოდ ბევრი ტურისტი, არამედ ადამიანებიც, ვინც ჩვენთან ერთად იმუშავებენ“, - განაცხადა ყრუაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „კესანე - არ დამივიწყომ“ ბოლო სამი წლის განმავლობაში გააფართოვა სივრცე და წლევანდელ სეზონზე უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლა, ობიექტს კიდევ უფრო მეტი სტუმრის მიღება შეეძლო, თუ რეგიონში საკადრო რესურსის პრობლემა არ იარსებებდა:

„ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოში, შეგვეძლო ბევრად მეტი ნაკადი მიგვეღო. თუმცა, სამუშაო საათების გაზრდა ავტომატურად დამატებით ადამიანურ რესურსს მოითხოვს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში ასე მარტივად ხელმისაწვდომი არ არის,“ - აღნიშნა მან.

გვანცა ყრუაშვილის შეფასებით, სახელმწიფო სტრუქტურების აქტიური ჩართულობა აუცილებელია როგორც რეგიონული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებაში, ისე ტურიზმის პოპულარიზაციის მიმართულებით.

„რაჭასა და ლეჩხუმს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა საერთაშორისო დონეზე ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია. ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა რეგიონმა სრულად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები”, - აღნიშნა ობიექტის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები