რაჭა რთველის მოლოდინშია. ყურძნის კრეფა დაახლოებით 10 დღეში დაიწყება, თუმცა სექტორის მოლოდინი არც ისე პოზიტიურია. ზაფხულის უხვი ნალექის გამო ყურძენი დაბალი ხარისხისაა.
მეღვინეობა „ღვინუკას“ დამფუძნებელი ზუკა მაისაშვილი „საქმის კურსთან“ ამბობს, რომ სექტორის რთული პერიოდი ელის.
„ამინდის პროგნოზით ისევ ნალექიანი პერიოდი გველოდება წინ და მოლოდინები შეიძლება გაუარესდეს. თუ გასულ წელს 1800-1900 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული დაიკრიფა, წელს, შესაძლოა, ან იგივე მაჩვენებელზე გავიდეთ, ან უფრო ნაკლები იყოს მოსავალი“, - ამბობს ზუკა მაისაშვილი.
მეღვინე მიიჩნევს, რომ შარშანდელთან შედარებით წელს ყურძნის ხარისხი მასობრივად გაუარესებულია, რასაც სავარაუდოდ, ხარისხიან ყურძენზე ფასის ზრდა მოჰყვება. მეწარმეები მთავრობისგან სუბსიდიის მოცულობის დასახელებას ელიან.
„საკმაოდ რთული იქნება ხარისხიანი ყურძნის ამორჩევა. არ გამოვრიცხავ, რომ ხარისხიან ყურძენზე ფასი გაიზარდოს, ისევე როგორც ეს მოხდა კახეთშიც. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით 1 კგ ყურძენზე რამდენი იქნება სახელმწიფო სუბსიდიის მაჩვენებელი. გასულ წელს ეს იყო 4 ლარი. ნებისმიერ შემთხვევაში, საკმაოდ რთული პერიოდი გველოდება რაჭულ მეღვინეობა - მევენახეობას“, - აღნიშნავს მეღვინე.
„ღვინუკას“ დამფუძნებლის პროგნოზით, არსებული ვითარება ღვინის ფასს მინიმუმ 20-25%-ით გაზრდის.
"ღვინის ფასი ნებისმიერ შემთხვევაში გაიზრდება. კონკრეტულად რამდენით რთული სათქმელია, რადგანაც გაზრდილ ფასს მომხმარებელი უნდა დაეწიოს. ჩვენი ღვინოების დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის და ფასს მნიშვნელობა ექნება. სავარაუდოდ, 20-25 % გაიზრდება ბოთლის ღვინის ფასი“, - მიიჩნევს ზუკა მაისაშვილი.
აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბრისთვის, ალექსანდროული და მუჯურეთულის ჯიშის მხოლოდ 121 ტონამდე ყურძენია ჩაბარებული. მიმდინარე რთველის ფარგლებში, ამ დროისათვის 168 834,80 ტონა ყურძენია დაკრეფილი, მევენახეების შემოსავალი 202 707 710 ლარია. მკვეთრად არის შემცირებული ჩაბარებული რქაწითლის მოცულობა. თუ 2022 წელს სექტემბრის ბოლოსთვის 114 ათას ტონამდე რქაწითელი იყო ჩაბარებული, წელს ეს მოცულობა 65 ათასი ტონაა.