მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, სამწუხაროა, რასაც ვხედავთ - შალვა პაპუაშვილი

641057aa281ea
თამთა ჯიჯავაძე
14.03.23 15:18
778
სამწუხაროა, ის რასაც ვხედავთ.. რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ასეთი ქცევა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს პარლამენტთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც რადიკალებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

„ევროკავშირის, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნის დროშების შებღალვა, რომლებიც აღმართულია ადმინისტრაციული შენობის წინ, დასჯადი გახადა პარლამენტმა. შსს-ის განცხადებაც იყო, რომ ყველა ის პირი, რომელმაც შებღალა ევროკავშირის დროშა, იქნება სათანადოდ იდენტიფიცირებული და შესაბამისად დასჯილი. სამწუხაროა ის, რასაც ვხედავთ. რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ასეთი ქცევა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს.

დაზიანებულია ფლაგშტოკი, ის აღდგება და დროშაც სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პრორუსული ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

ორგანიზატორებს სამი მოთხოვნა აქვთ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი", ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა".

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა სიმბოლიკის შებღალვაზე რეაგირება არ ჰქონიათ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელიც, თუმცა მას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ინფორმაციისთვის, რომ ევროკავშირისა და ნატოს დროშების შებღალვა დასჯადია.

საქართველოს კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის სასჯელს ითვალისწინებს, 2022 წლის 21 იანვრიდან შევიდა ძალაში.