საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია. ამის შესახებ პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპარლამენტარების მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
"რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ნული არის ამის შანსი ბევრი მიზეზის გამო. იგივე ევროპარლამენტის წევრები და ევროპარლამენტი მოითხოვდა, რომ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა და ამას კანდიდატის სტატუსის წინაპირობად ასახელებდა. ნახეთ, რომ არ გათავისუფლდა, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. ევროპარლამენტის დეპუტატები ითხოვდნენ, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის და ამით ფაქტობრივად საქართველო სამხედრო დაპირისპირებაში შეგვეყვანა რუსეთთან და ამბობდნენ, რომ ეს იყო წინაპირობა, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინათ. სანქციები არ დაწესდა, სტატუსი მოგვენიჭა და მესამე, ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, როდესაც საუბარია ევროპარლამენტარებზე, რომ არ მივაქციოთ არანაირი ყურადღება მათ. მათი გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არაა, მით უმეტეს, მათ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არსებობს დიდი კითხვის ნიშნები", - აცხადებს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს ღია წერილით მიმართეს და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდეს. წერილში, რომელსაც ხელს 31 ევროპარლამენტარი აწერს, აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ქცევის გაგრძელება, კერძოდ კი აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის მიღების აგრესიული მცდელობა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ზღვარს გასცდა.