მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რადიკალიზმის გამო ვერ შევძელით ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე
29.10.25 23:31
988

"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა. როგორც მან „იმედი LIVE”-ში, საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებულ კითხვაზე განაცხადა, ეს პროცესი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების დასაწყისი იქნება.

„ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ შევძელით საქართველოში სრულფასოვანი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება სწორედ ამ რადიკალიზმის გამო, რომელსაც აღვივებენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები. ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მოქმედებენ გარე ძალების კარნახით. მათ არ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, ისინი არ მუშაობენ ქართველ ხალხთან. ერთადერთი, ვისთანაც მუშაობენ, არიან თავიანთი ხელმძღვანელები ქვეყნის გარეთ და საბოლოო ჯამში მათი მთავარი დავალება არის ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივება. რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, აქედან გამომდინარე, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ნამდვილი, ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან. სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ ჩვენ, ეს არ არის ჩვენი სუბიექტური ინტერესი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციის აკრძალვა ობიექტურ ინტერესს უკავშირდება.

"უკვე 13 წელია, ჩვენ ზედიზედ 10 არჩევნები მოვიგეთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის აკრძალვაზეც არის საუბარი; დღესდღეობით სუბიექტურად ჩვენთვის ეს არ არის პრობლემა, „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში, იღებს ქართველი ხალხისგან მანდატს ყოველ ჯერზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მთავარია, რომ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული.

შეიძლება, ჩვენ ვიგებდეთ ყოველ ჯერზე არჩევნებს, ვინარჩუნებდეთ ჩვენს მანდატს, რომელსაც ხალხისგან ვიღებთ არჩევნებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ვერ გვაძლევს მთავარი ამოცანის შესრულების შესაძლებლობას - ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში ნამდვილი, სრულფასოვანი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა. ეს პასუხისმგებლობა გვამოძრავებს სწორედ. არა სუბიექტური ინტერესი, რომ დავრჩეთ ხელისუფლებაში. ისედაც ვახერხებთ. გვიადვილებს კიდეც რაღაც კუთხით ამ პოლიტიკური ძალების არსებობა ხელისუფლებაში დარჩენას. როდესაც შენი ერთადერთი ოპონენტი არის სრულიად გაცვეთილი პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, ეს შანსებს გიზრდის მმართველ პარტიას. ეს არ არის სუბიექტური ინტერესი. ჩვენ გვამოძრავებს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები