„პანდემიის განმეორების შემთხვევაში არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული სტრატეგია იმ პროდუქტების მიმართ, რომელთაც ჩვენ ამ ეტაპზე, სუბსიდიით მივუდექით?“ - ამ კითხვით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
რომან კაკულია ასევე დაინტერესდა რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს პრემიერის მოხსენების ფონზე წარმოედგინათ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი.
„შეკითხვების ნაწილი, სწორედ ისეთი იქნება, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ირჩევს ასეთ სტრატეგიას, რომ იღებენ ერთ სეგმენტს, ასახელებენ ციფრს და მერე მსჯელობენ ეს საკმარისია თუ არა. ასეთი შეკითხვის ობიექტური პასუხი, ცხადია, იქნება მთელი სურათის დანახვა, სადაც დავინახავთ რა შეზღუდა მთავრობამ თავის თავზე, რა პროგრამები შეიზღუდა და როგორი რელევანტური იყო ეს შეზღუდვა, მაშინ მოგვეცემა საშუალება, რომ ასეთი ტიპის ოპონირებას მყარად გავცეთ პასუხი, რადგან მთლიანი სურათის დანახვა მნიშვნელოვანია და რაიმე კონკრეტული მიზეზი ხომ არ არის, რომ დღეს ბიუჯეტის წარდგენა ვერ მოხერხდა?“, - მიმართა გახარიას კაკულიამ.
რომან კაკულიას კიდევ ერთი შეკითხვა შეეხებოდა covid-ფონდს, სადაც ბევრმა ადამიანმა ჩადო საკმაოდ ბევრი თანხა და მისი თქმით, კარგი იქნება თუ საზოგადოებას ეცოდინება პრინციპი, როგორ დაიხარჯება ეს ფული.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე იმითაც დაინტერესდა თუ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომ მოხდეს ადრესატამდე დახმარების მისვლის მონიტორინგი და საერთოდ როგორ ფიქრობს მთავრობა ამ საკითხის მოგვარებას.
„ჩემი შეკითხვა ეხება ზოგადად მმართველობის თემას, რადგან ბევრი კითხვა მოდის ასეთი, გასაგებია თანხა, გასაგებია ადრესატი, მაგრამ მისვლის პროცედურებში არის ძალიან ბევრი ხარვეზი. მესმის, რომ აქ ადამიანური რესურსის პრობლემაა, ყველა ამ თანხის მიმტანი სხვადასხვა ინსტანციაშია და იოლი ნამდვილად არ არის ეს, მაგრამ ამის მონიტორინგის სისტემა როგორი გაქვთ, თქვენ თუ ხედავთ ამ გამოწვევებს და როგორ ფიქრობთ, ამ კონკრეტული თემის მოგვარებას?“- ჰკითხა რომან კაკულიამ გიორგი გახარიას.