„სემეკის“ გადაწყვეტილებით, საქართველოში კომერციული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატ საათზე საშუალოდ 11-13 თეთრით გაძვირდა, მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად კი საკვები პროდუქტების სექტორში მოქმედ ბიზნესებს გაზრდილი ტარიფის სხვაობის 50%-ს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს, რაც კილოვატ საათზე საშუალოდ 5.5-6.5 თეთრია.
როგორც ირკვევა, კომერციული ტარიფების ზრდა სამრეწველო ინდუსტრიასთან ერთად, ტვირთად ტურიზმის სექტორსაც დააწვება, რომელიც დღეს არსებული რეგულაცების გამო თითქმის გაჩერებულია.
BM.GE-სთან საუბრისას სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია აცხადებს, რომ ბიზნესისთვის ნებისმიერი სახის გადასახადი ზრდა დამატებითი სტრესი იქნება, განსაკუთრებით ამ პერიოდში და ამ ინდუსტრიაში.
აღსანიშნავია, რომ Inn Group-ის მმართველობაში 4 სასტუმროა: 2 თბილისში - Iveria Inn და Royal Inn, რომლებიც დღეს კოვიდ-სასტუმროებადაა გადაკეთებული; 2 სამთო კურორტებზე - Bakuriani Inn და Gudauri Inn, რომელებიც ამ ეტაპისთვის გაჩერებულია.
ერეკლე კოკაია განმარტავს, რომ დახურულ სასტუმროებში, მით უფრო მთის კურორტებზე, იქ არსებული კლიმატური პირობების გამო ელექტროსისტემების მუდმივი მუშაობა ესაჭიროებათ.
„მაშინ, როდესაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით შეგვემცირებინა ყველა სახის ხარჯი, გამოდის, რომ 2021 წლიდან უფრო მაღალი ტარიფები უნდა გადავიხადოთ. ეს არასასიამოვნოა. რაიმე სახის შემოსავალი რომ გვქონოდა, ამ ხარჯებთან გამკლავებას შევძლებდით. მაგრამ როგორც იცით, რაც ზამთრის სეზონი დაიწყო შემოსავალი საერთოდ არ გვქონია, იმიტომ რომ პირველ რიგში ქვეყანა დაკეტილია და მეორეც, როდესაც შეგვეძლო გვემუშავა შიდა ტურიზმზე, დავხურეთ ბაკურიანი და გუდაური. მაშინ, როდესაც ჩვენ თანამშრომლებიც აღარ გვყვავს და მოგვიწია სასტუმროების დახურვა, გვეზრდება ხარჯები. ეს ხარჯები ისედაც იქნებოდა, თუმცა მინიმალური. გუდაურსა და ბაკურიანში გათბობას სრულად ვერ გამორთავ რადგან იქ ყინვებია და აუცილებელია, რომ გათბობის სისტემები ჩართული გქონდეს“, - აცხადებს ერეკლე კოკაია.
Inn Group -ის აღმასრულებელი დირექტორი გამოსავალს მხოლოდ ამუშავებაში ხედავს და ამბობს, რომ ამ გაზრდილი ხარჯების გასტუმრებას მხოლოდ ასე თუ შეძლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამფუძნებლებს საკუთარი რესურსის ჩადება მოუწევთ.
„გაზრდილი ხარჯების დაფარვას თებერვლიდან გახსნის შემთხვევაში შევძლებთ, რისიც დიდი იმედი გვაქვს. კერძო სექტორის წარმომადგენლებს გვაქვს კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის ადმინისტრაციასთან და ვითხოვთ, რომ მოგვცენ თებერვალ-მარტში დამოუკიდევბლად მუშაობის საშუალება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს არამხოლოდ ავამუშაოთ სასტუმროები და დავასაქმოთ ხალხი, არამედ დავფაროთ ხარჯები, მათ შორის გაზრდილი ტარიფები. და თუ არ მოგვეცემა ოპერირების საშუალება მაშინ დამფუძნებლებს მოუწევთ ბანკში თანხის შეტანა და ამ გაზრდილი ტარიფების დაფარვა“, - უთხრა BM.GE-ის ერეკლე კოკაიამ.
ცნობისთვის, 28 ნოემბერიდან მეორე ლოქდაუნის ამოქმედებისა და მთის კურორტების ჩაკეტვის შემდეგ Inn Group-ის ხელმძღვანელი BM.GE-ისთან აცხადებედა, რომ კომპანია კურორტების ჩაკეტვით 1.3 მლნ ლარის შემოსავალს კარგავდა.