Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს ბინების ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა და დედაქალაქში ამ პერიოდში 2.9 მილიარდი დოლარის ღირებულების 39 949 ბინა გაიყიდა.
მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ტრანზაქციების კლების მიუხედავად, ბაზრის ზომის ზრდა პირველად ბაზარზე ბინების ფასების მატებით იყო განპირობებული.
ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ პირველად ბაზარზე ბინის ფასის წლიური ზრდის ტემპი ორჯერ აღემატებოდა მეორად ბაზარზე ფასის ზრდას. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად ბაზარზე ბინები 21.3%-ით, მეორადზე კი 10%-ით გაძვირდა. ამასთან, ფასები 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე კიდევ უფრო მკვეთრადა გაზრდილი. კერძოდ, პირველადი ბაზრის ფასები 45.2%-ით გაიზარდა, რაც ასევე აღემატება მეორად ბაზარზე დაფიქსირებულ ზრდას (+30.7% ახალი და +17.5% ძველი ბინებისთვის).
ბინების ფასების მკვეთრ ზრდას Galt & Taggart-ში ორი ფაქტორით ხსნიან: „ბინების ფასების მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო მშენებლობის გაზრდილი ხარჯებით და მიგრანტების მხრიდან მოთხოვნით, თუმცა ეს ორივე მაჩვენებელი ამ ეტაპზე დასტაბილურებულია. შედეგად, თბილისში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $900/მ²-მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის მ²-ის ღირებულება $600 იყო“.
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ბოლოსთვის თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 10.7 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 5.1%-იანი შემცირებაა. ამ შემცირების მიუხედავად, ეს ქირა 2021 წლის დონეს ორჯერ აჭარბებს.