მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამ გამოიწვია Amazon-ის 17%-იანი ზრდა?

Amazon
სტატიაში საუბარია:

ორკვირიან პერიოდში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Amazon-ის აქციების შეფასება 17%-ით არის გაზრდილი, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2.5 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

აღნიშნული ზრდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ენდი ჯესის მიერ აქციონერებისადმი გაგზავნილ ყოველწლიურ წერილს უკავშირდება. დოკუმენტში ჯესი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კომპანიის სტრატეგიაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ Amazon-ი მალე AI-ჩიპების წარმოებისა და რეალიზაციის მიმართულებით დიდ შემოსავალს მიიღებს.

Amazon-ის ჩიპების დეპარტამენტი, რომელიც Trainium-ისა და Graviton-ის პროცესორებს აწარმოებს, წლიურად უკვე $20 მილიარდის შემოსავალს აგენერირებს.

ენდი ჯესიმ ინვესტორების იმ შეშფოთებასაც უპასუხა, რომელიც 2026 წლისთვის დაგეგმილ $200 მილიარდის კაპიტალურ დანახარჯებს უკავშირდებოდა. მისი განმარტებით, ხარჯების მოცულობა მომხმარებელთა მხრიდან არსებულ კონტრაქტებს ეფუძნება და არა სპეკულაციურ მოლოდინებს, რაც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას აუცილებლობად აქცევს და არც რესურსების ფლანგვად.

ცნობისთვის, Amazon-ის მიერ საკუთარი ნახევარგამტარების განვითარება მიზნად Nvidia-ს პროდუქციაზე დამოკიდებულების შემცირებას და ღრუბლოვანი სერვისების ოპტიმიზაციას ისახავს. თუკი ეს პროექტი დასახულ მიზანს მიაღწევს, კომპანია სრულად შეძლებს AWS-ის სერვერების საკუთარ ჩიპებზე გადაწყობას, რაც შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს და გაზრდის მომსახურების ხარისხს.

უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზით, უახლოეს მომავალში Amazon-ი ისტორიაში პირველი კომპანია გახდება, რომელიც წლიურად $1 ტრილიონის შემოსავალს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები