ბოლო ერთი კვირა Coca-Cola-ს ინვესტორებისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა: 8 იანვრიდან დღემდე კომპანიის აქციების შეფასება თითქმის 4.5%-ით არის გაზრდილი, ხოლო წინა წელთან შედარებით მატების მაჩვენებელი 14%-ს აჭარბებს.
აღმასვლის ფონზე, Coca-Cola-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 303 მილიარდ დოლარს აჭარბებს და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს.
აქციების ზრდის განმაპირობებელ მიზეზს რაც შეეხება – ის ორგვარია: ეკონომიკური და სოციალური.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ინვესტორები აშშ-ის ინფლაციის და სამომხმარებლო ხარჯების სტატისტიკის გასაჯაროებას ელოდებიან, რაც სურსათის და სამომხმარებლო პროდუქტების გაყიდვების მაჩვენებელს საკმაოდ ზუსტად ასახავს. როგორც წესი, როცა ფედერალური სამსახური ასეთი სტატისტიკის გასაჯაროებას გეგმავს, ინვესტორები წინასწარ ყიდიან ან ყიდულობენ სურსათის და ყოველდღიური მოხმარების სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციებს. ამ არგუმენტს განსაკუთრებით ამყარებს ის მოცემულობა, რომ ანალოგიურ პერიოდში საგრძნობლად არის გაზრდილი დივიდენდების გამცემი კომპანიების და სურსათის მწარმოებლების ETF-ების შეფასება.
აგრეთვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ 10 თებერვალს კომპანიამ 2025 წლის მე-4 კვარტალის ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინოს, რომელთან მიმართებით ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ და ზოგიერთი საინვესტიციო ბანკი Coca-Cola-ს აქციების მკვეთრ ზრდასაც პროგნოზირებს.
მორიგი ფაქტორი თავად ბაზართან არის დაკავშირებული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა 3-ჯერ მოახერხეს ახალი რეკორდის დამყარება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჯამურად ამერიკული საფონდო ბირჟა აღმავალია. ამასთან, Coca-Cola წარმოდგენილია S&P 500 და Dow Jones Industrial ინდექსებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ინდექს ფონდებში ინვესტირებული ყოველი დოლარიდან რამდენიმე ცენტი ავტომატურად ინვესტირდება Coca-Cola-ში, როგორც ინდექსში შემავალ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში.
სოციალურ ფაქტორს რაც შეეხება, რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა ინტერვიუ, სადაც არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი აღნიშნავდა, რომ მას ღვინისა და "სპრაიტის" ერთად დალევა უყვარს. თავად "სპრაიტის" ბრენდი Coca-Cola-ს საკუთრებაშია და სუპერვარსკვლავის მხრიდან ამ განცხადების გავრცელებამ კომპანიის აქციების შეფასებაზე უდავოდ დადებითი გავლენა იქონია. თავად ეს მოვლენა „ვარსკვლავების ეფექტის“ სახელითაა ცნობილი და ის მაშინ იჩენს თავს, როდესაც ცნობილი სპორტსმენი, მსახიობი ან მუსიკოსი, რეკლამის გარეშე, გულწრფელად გამოხატავს სიმპატიას კონკრეტული ბრენდის ან მის მიერ წარმოებული პროდუქციის მიმართ.




























