მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია იაპონური იენის მკვეთრი გაუფასურება?

იაპონია

იაპონური იენის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით 162.8-იან ნიშნულამდე გაუფასურდა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს იაპონური ვალუტა აშშ დოლართან 3.9%-ით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებით კი ვარდნამ 0.9% შეადგინა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებული დიდი სხვაობით და დოლარის საყოველთაო გამყარებით არის განპირობებული.

როგორც ირკვევა, იენის დასაცავად ოფიციალურმა ტოკიომ მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში სარეკორდო მოცულობის, $73.5 მილიარდის ინტერვენცია უკვე განახორციელა, თუმცა ბაზრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მსგავს ნაბიჯებს გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება.

Franklin Templeton Institute-ის განმარტებით, ვიდრე ინვესტორებს იენში დაბალ განაკვეთში სესხების აღება და სახსრების დოლარში უფრო მაღალი ამონაგებით განთავსება შეუძლიათ, მანამდე ე.წ. Carry Trade სტრატეგია იენზე ზეწოლას გააგრძელებს. შედარებისთვის, იაპონიაში ოფიციალური რეფინანსირების განაკვეთი 1%-ია, ხოლო აშშ-ში ის 3.5%-ს შეადგენს, რაც 2.5 პროცენტულ პუნქტიან სხვაობას წარმოადგენს და ამ სტრატეგიას რენტაბელურს ხდის.

ეკონომისტების შეფასებით, ინტერვენციას სპეკულაციური ტენდენციების შენელება შეუძლია, თუმცა რეალური გარდატეხისთვის აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილება ან ვაშინგტონთან კოორდინირებული ქმედებებია საჭირო.

რაც შეეხება გავლენას ეკონომიკაზე, ვალუტის გაუფასურებას იაპონური ბიზნესისთვის ორგვარი შედეგი მოაქვს. იაფი ეროვნული ვალუტა ადგილობრივი მსხვილი მწარმოებლებისა და ექსპორტიორების მოგებას ზრდის, რაც საფონდო ბირჟის მდგრადობას განაპირობებს. პარალელურად, მკვეთრად იზრდება იმპორტირებული პროდუქციის ფასები, რაც შინამეურნეობების ბიუჯეტს აწვება და ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები