მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია შემწეობის მიმღებთა რაოდენობის რეკორდული ზრდა?

ხალხი

ქვეყანაში საარსებო შემწეობას 700 ათასზე მეტი ადამიანი იღებს. მარტში სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობა ჯამში 700 470 ადამიანმა მიიღო, ეს რეკორდული მაჩვენებელია. აქედან 235 287 სახელმწიფოს დასაქმების პროგრამაში ჰყავს ჩართული, რაც ნიშნავს იმას, რომ ოთხი წლის განმავლობაში ამ ადამიანებს სტატუსი უცვლელად უნარჩუნდებათ და დახმარებას იღებენ. მარტში ბიუჯეტიდან მათ დახმარებაზე 71 111 640 ლარი დაიხარჯა. ბოლო წლებია საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდაა, თუმცა სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი მაინც იზრდება.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სოცდაუცველთა ზრდის მიზეზი დასაქმების პროგრამაა, რის გამოც სოციალური მომსახურების სააგენტო ასობით ათას ადამიანს აღარ ამოწმებს. თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე დასაქმების პროგრამის მიღმა დარჩენილი შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც იზრდება. მიხეილ სარჯველაძე ასევე ამბობს, რომ სახელმწიფოსგან დახმარებას შესაძლოა ისეთებიც იღებენ, რომელთაც არც ეკუთვნით.

"აბსოლუტურად ახსნადია, რატომ იზრდება [შემწეობის მიმღებთა] რიცხვი და არ კლებულობს. ისიც მოგეხსენებათ, რომ იქ არსებული ადამიანების რაოდენობა რეალურად არ ასახავს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა არსებულ მდგომარეობას, რაოდენობას. სამწუხაროდ, ბაზაში და ამაზე გახსნილად უნდა ვისაუბროთ, დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემორჩენილი რეგისტრაციით იღებენ შემწეობას. მათ შორის ისეთებიც, რომელთა მდგომარეობა გადამოწმების შემდეგ შეიძლება ნამდვილად აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც არ იმსახურებს. მოგეხსენებათ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ შეუნარჩუნდეთ სოციალური შემწეობა. ამის მიზანი გახლავთ ის, რომ სოციალური შემწეობის მიმღებ ადამიანებში წახალისდეს ის, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნონ. ამიტომ ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოცდაუცველების სიჭარბეზე ახდენს გავლენას”, - ამბობს სარჯველაძე.

მიზნობრივი სოციალური დახმარება, იგივე საარსებო შემწეობა, სიღარიბესთან საბრძოლველად გაიცემა. წელს ბიუჯეტიდან ამ დახმარებაზე დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს და მისი მიზანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის შემცირებაა. ახლა უკვე პოლიტიკიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობამ გადაწყვიტა სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები შეექმნა. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელით ცნობილი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა.

2025 წელს ამ პროგრამაზე ბიუჯეტი 103 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პირობების მიხედვით, თუკი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები საკუთარ სამუშაოს გააფორმალურებენ ან უბრალოდ ჩაერთვებიან დასაქმების პროგრამაში, მათ ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნებენ საარსებო შემწეობას. დამატებით გაწეულ შრომაში კი ყოველთვიურად 300 ლარსაც დაუმატებენ.

პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამში სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული, თითქმის 33 ათასმა სოციალურად დაუცველმა კი საკუთარი სამსახური ლეგალური გახადა.

ჯანდაცვის ექსპერტი ანდრია ურუშაძე შემწეობის მიმღებთა რიცხვის ზრდას არჩევნებს უკავშირებს.

არის რაიონები, სადაც ამ დახმარებას იღებს მოსახლეობის 50%-ზე მეტი. ეს ცხადია ჩვენს გაგებას სიღატაკის და სიღარიბის სცილდება და უფრო უნივერსალური სოციალური დახმარებისკენ წავიდა. როგორც წესი ეს ზრდა უკავშირდება ხოლმე პოლიტიკურ კალენდარს და არჩევნებს. ხშირად გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობა აქვს ხოლმე რომ კმაყოფილი მოსახლეობის ხმები მოიკრიბოს”, - ამბობს ურუშაძე.

სოცდაუცველთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა ოთხწლიანია ეს ნიშნავს, რომ 2022 წელს ჩართული ბენეფიციარებისთვის პროგრამა 2026 წელს დასრულდება. თუმცა ჯერ უცნობია რა ფორმით გაგრძელდება 2026 წლის შემდეგ. ამიტომ ურუშაძეს ვკითხეთ ველოდოთ თუ არა 2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა რიცხვის კლებას.

ვერ გეტყვით.. არა მგონია იმიტომ, რომ როგორც გითხარით ეს პროგრამა ფულის დარიგების ინსტრუმენტად გადაიქცა. დიახ, ამას თავისი როლი ჰქონდა და ამ პროგრამით ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი დღემდე იღებს დახმარებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ თუ გვინდა ჩვენი სოციალური პოლიტიკა იყოს შედეგიანი და ეფექტური მაშინ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რომ ბიუჯეტით ყველაზე გაჭირვებულმა მოსახლეობამ ისარგებლოს", - გვეუბნება ანდრია ურუშაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები