მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია Tinder-ის, Bumble-ის და სხვა გაცნობის ქსელების დაღმასვლა?

dating app
09.06.24 20:20
2289

სოციალური ქსელების და ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, 2020-იანი წლები გაცნობის ქსელების პოპულარიზაციით ხასიათდება. Tinder-ის, Bumble-ის, Hinge-ისა და მსგავსი ტიპის აპლიკაციების მოხმარება განსაკუთრებით გაზარდა კოვიდპანდემიამ, რაც ლოკდაუნებითა და შეკრებასთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესებით იყო განპირობებული.

ციფრულ სამყაროში გამოკეტილი მომხმარებლების ინტერესმა პიკურ ნიშნულს 2021 წელს მიაღწია, როცა გაცნობის ქსელებმა აქტიური მომხმარებლების რაოდენობით და შემოსავლებით რეკორდები დაამყარეს.

2021 წლის შემდეგ, გაცნობის ქსელების დაღმასვლა დაიწყო, რომელსაც ჯერაც არ უჩანს ბოლოს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, Bumble-ის და Tinder-ის მფლობელი კომპანიის, Match Group-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 80%-ითაა შემცირებული. ასეთ კატასტროფულ დაღმასვლას ის ფაქტი განაპირობებს, რომ მომხმარებლები ამ ტიპის სოციალურ ქსელებს ისე აქტიურად აღარ იყენებენ, როგორც ადრე, თავად ამ მოცემულობას კი არაერთი ფაქტორი განაპირობებს.

პირველი მიზეზი აპლიკაციებში ქალების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას უკავშირდება. როგორც ინდუსტრიის ექსპერტები აღნიშნავენ, გაცნობის აპლიკაციის გამართულად მუშაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალების ადეკვატური რაოდენობა, თუკი 2021 წელს ქალებსა და კაცებს შორის ბალანსი შედარებით დაცული იყო, ამჟამად გაცნობის აპლიკაციებში 1 ქალზე საშუალოდ 10 კაცი მოდის, რაც ალგორითმს თავდაყირა აყენებს და სოციალურ ქსელს არა გაცნობის პლატფორმად, არამედ ერთგვარ აუქციონად აქცევს, სადაც პროფილის დასაწინაურებლად მომხმარებლებს ფულის გადახდა უწევთ.

შესაძლოა, ერთი შეხედვით, კაცების რაოდენობის ზრდა არჩევანის თავისუფლების გაუმჯობესების თვალსაზრისით უპირატესობად მოგვეჩვენოს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არჩევანის უსასრულობა, თავისი არსით, ადამიანისთვის პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთ საკითხში, როგორიც პოტენციური პარტნიორის გაცნობაა.

კაცების ჭარბი რაოდენობის გამო, Tinder-ის მომხმარებელი ქალები ხშირად წუხან გადაღლაზე და არაბუნებრიობაზე, რაც ასობით შეთავაზებული პროფილის მოწონებას თუ უარყოფას უკავშირდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ეცემა ქალების რაოდენობა, უკავშირდება კაცების არაეთიკურ ქცევას, რაც შეუსაბამო შინაარსის შეტყობინებების და ფოტოების გაგზავნას უკავშირდება. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, ქალები თავს დისკომფორტში გრძნობენ, ხოლო აპლიკაცია, რომელიც ადამიანს დისკომფორტში აყენებს, არავის სჭირდება.

კიდევ ერთი საინტერესო გარემოება ასაკობრივ განაწილებას უკავშირდება, როგორც ჩანს, გაცნობის აპლიკაციებს განსაკუთრებით ერიდება Gen Z თაობა, რომელიც Tinder-სა თუ Bumble-ს ზედმეტად ხელოვნურად მიიჩნევს და უპირატესობას რეალურ, ავთენტურ გარემოში დამყარებულ კავშირებს ანიჭებს.

რეალურად, დაღმასვლის მთავარი მიზეზი კომერციულ ინტერესს უკავშირდება, საქმე ისაა, რომ გაცნობის აპლიკაციის პრიორიტეტი სულაც არ არის შესაფერისი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება. ასე რომ ყოფილიყო, Tinder-ს მომხმარებლები ჯამში 10 წუთით გამოიყენებდნენ და ამით კომპანია შემოსავალს უბრალოდ ვერ მიიღებდა, გაცნობის აპლიკაციის მიზანი მომხმარებლების რაც შეიძლება მეტი ხნით გაჩერებაა, რაც ზრდის როგორც სარეკლამო შემოსავლებს, ასევე იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთაც გამოწერის პრემიუმ სერვისის, მაგალითად, Tinder Platinum-ის შეძენა სურთ.

თუკი 2020-21 წლებში გაცნობის ქსელებში ქალებისა და კაცების თანაფარდობა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ აპლიკაციის გამოყენებას აზრი ჰქონოდა, 2024 წელს არსებული მდგომარეობა გაცნობის ქსელებით სარგებლობას საინტერესოს მხოლოდ მომხმარებლების ტოპ 10%-სთვის ხდის, რომელთაც, ამავდროულად, პრემიუმი სერვისი აქვთ გამოწერილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები