მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამ განაპირობა იანვარში ეკონომიკის დარგების ზრდა/კლება? - საქსტატის განმარტება

პაატა შავიშვილ

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა.

ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა მშენებლობის და ვაჭრობის სექტორში.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა ბრიფინგზე დარგობრივი ზრდის და კლების მიზეზები განმარტა.

"დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7,9%-ით.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებმა. კლება დაფიქსირდა მშენებლობის და ვაჭრობის სექტორებში. 2026 წლის იანვრის წინასწარი მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაიზარდა 19%-ით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი შემცირდა 33,7%-ით. 2026 წლის იანვარში ქვეყანაში დარეგისტრირდა 5 423 ახალი საწარმო, რაც 0,3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. კლება ძირითადად განპირობებულია ადგილობრივი შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებების რეგისტრაციის შემცირებით.

5,9%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 მილიარდ 861 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ზრდის მიზეზებს დარგობრივ ჭრილში: ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს კომპიუტერული დაპროგრამების, კონსულტირების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის მომსახურების ზრდა. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში ზრდას განაპირობებს ფერადი ლითონების მადნების მოპოვების ზრდა. სასტუმროების და რესტორნების სექტორში ზრდა განპირობებულია რესტორნებისა და საკვებით მობილური მომსახურების, სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობის ზრდით.

რაც შეეხება კლების ტენდენციებს, მშენებლობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებულია სამოქალაქო მშენებლობის, მათ შორის გზების და ავტობანების მშენებლობის შემცირებასთან. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით, დაახლოებით 25%-ით შემცირდა ცემენტის და კლინკერის იმპორტის მოცულობა. ვაჭრობის სექტორში კლებას ძირითადად განაპირობებს საწვავით და სათბობით საბითუმო ვაჭრობის, ასევე ახალი და ნახმარი ავტომობილებით საბითუმო ვაჭრობის შემცირება. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით დაახლოებით 23%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ღირებულება. ქვეყნების მიხედვით კლება ძირითადად მოდის ყირგიზეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკაზე",- განაცხადა პაატა შავიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები