მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამ განაპირობა ნოემბერში 7.2%-იანი ეკონომიკური ზრდა - განმარტება

გოგიტა თოდრაძე

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5%-ით განისაზღვრა. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდის შედეგების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

მისი განმარტებით, კერძო სექტორის ბრუნვამ ნოემბერში 15 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 10%-ით არის გაზრდილი. გოგიტა თოდრაძე აღნიშნავს, რომ სექტორების უმეტესობაში წლიურ ჭრილში ზრდა ფიქსირდება, ორი მიმართულებით - მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებში წლიურად კლებაა. ხოლო ზრდა განსაკუთრებით დიდი იყო ლოგისტიკისა და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

"ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სატვირთო გადაზიდვების მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. ძირითადად, ეს ეხება როგორც საგზაო, ისე საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებას და შესაბამისად, გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი.

დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, გაზრდილია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება. ასევე აქვე აღსანიშნავია, რომ სამჯერ გაიზარდა ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი, ძირითადად თურქეთის მიმართულებით, დაახლოებით 6-ჯერ გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი, ძირითადად რუმინეთის მიმართულებით, და 53 პროცენტით არის გაზრდილი მინერალური წყლების ექსპორტი, ძირითადად რუსეთის და ყაზახეთის მიმართულებით.

უძრავი ქონების ოპერაციების სექტორს რაც შეეხება, აქ ზრდა ძირითადად განაპირობა როგორც საკუთარი, ისე იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავებასთან და მის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების მოცულობის გაფართოებამ. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან. სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად უკავშირდებოდა ფერადი ლითონების მოპოვებას.

შენებლობის სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია და ეს ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობის მოცულობის შემცირებასთან, როგორიცაა მაგალითად გზების, ხიდების და მილსადენების მშენებლობა. თუმცა ასევე შემცირებულია სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მაჩვენებლები, როგორიცაა მაგალითად წყალგაყვანილობის, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემის მონტაჟი,"- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები