მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა პირველ კვარტალში IT სექტორის შემოსავლების ზრდა - გიორგი ციკოლიას შეფასება

გიორგი ციკოლია

2024 წელს კლების შემდეგ, IT სექტორი შემოსავლების მკვეთრ ზრდას აჩვენებს. წელს პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 266 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 70%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ეს კი იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია, ხოლო საქართველოში დროებით საცხოვრებლად ჩამოსულმა it სპეციალისტების ნაწილმა ქვეყანა უკვე დატოვა.

როგორც ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ციკოლია BMG-სთან საკითხის შეფასებისას აცხადებს, პირველ კვარტალში ამ მოცულობით სექტორის ზრდა მისთვისაც მოულოდნელი იყო.

თუმცა გიორგი ციკოლია იმ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის კლების პარალელურად, შემოსავლები შეიძლება იზრდებოდეს. მისი თქმით, ეს გლობალურად IT მომსახურების სერვისების გაძვირება და პროცესებში ხელოვნური ინტელექტის აქტიურად დანერგვაა, რის გამოც კომპანიების პროდუქტიულობა იზრდება.

„სიმართლე გითხრათ, სექტორის შემოსავლების 70%-იანმა ზრდამ მეც გამაკვირვა, იმდენად დიდი მაჩვენებელია, შეიძლება ეს რაღაც ერთი ფაქტორითაა გამოწვეული. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, შარშან გეგმის მიხედვით ვაგრძელებდით სამუშაო პროცესს. წელს ჩვენი შემოსავლები 70%-ით არაა გაზრდილი, თუმცა ზრდა ჩვენთანაც ფიქსირდება. ჩვენი მაგალითიდან გამომდინარე, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი არის ის, რომ ჩვენი მომსახურების ფასები გაზრდილია, შეერთებულ შტატებში, რომელიც ჩვენი ძირითადი ბაზარია და შემდგომ უკვე ევროკავშირის ქვეყნებში. ანუ ის მომსახურება, რომელსაც ჩვენი სექტორი აწვდის, ინფლაციის ზეწოლის ქვეშ იმყოფება წლების განმავლობაში.

მეორე ასპექტი არის პროდუქტიულობის ზრდა. შარშან ჩვენ სამუშაო პროცესებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, დაგეგმილზე ნაკლები თანამშრომელი ავიყვანეთ, ამ პროცესებმა კომპანიაში ერთ ადამიანზე პროდუქტიულობა საგრძნობლად გაზარდა. ასევე ვაპირებთ ამ მიმართულებით წინსვლას. მგონია, რომ სხვა მოთამაშეებიც, განსაკუთრებით ის კომპანიები, რომლებიც ჩვენზე უკვე დიდები არიან, კიდევ უფრო მეტ რესურსს დებენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, რომ გაზარდონ პროდუქტიულობა და შეამცირონ საოპერაციო ხარჯები. არ ვიცი, [ეს ფაქტორები] ამ მონაცემებს რამდენად ადეკვატურად ასახავს, თუმცა სამომავლოდ [ხელოვნური ინტელექტის დანერგვა] ძალიან დიდ ცვლილებას მოუტანს, როგორც ჩვენს ინდუსტრიას, ასევე ზოგადად ეკონომიკას“, - განაცხადა გიორგი ციკოლიამ.

ცნობისთვის, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების სექტორის საგარეო შემოსავალმა 688 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელს არსებულ რეკორდთან 784 მილიონ დოლართან შედარებით თითქმის 100 მლნ დოლარით ნაკლები იყო.

ამასთან, 2024 წელს ერთ საერთაშორისო IT კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 27%-ით 64 ადამიანამდე იყო შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები