Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძის შეფასებით, მარტში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების შემცირება გასული წლის მაღალი საბაზო ეფექტით იყო განპირობებული.
" მარტში, ჩვენ გვქონდა ექსპორტისა და იმპორტის, ორივეს შემცირება და ეს, ძირითადად იხსნება იმით, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზა იყო მაღალი. თუმცა, თუ შევხედავთ ჩვენ ნომინალში მოცულობებს, საკმაოდ მაღალია მაჩვენებლები.
იმის გამო, რომ წელს უფრო მეტად შემცირდა იმპორტი, ვიდრე ექსპორტი, გაუმჯობესებული გვაქვს სავაჭრო დეფიციტში. 2023 და 2024 წლის პირველ კვარტლებს თუ შევადარებთ, გაუმჯობესება ჯამურადაც გვაქვს. რაც ნიშნავს იმას, რომ წელს, ნაკლები უცხოური ვალუტა გავიდა ჩვენგან, ვიდრე ეს გასულ წელს მოხდა. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დანაზოგიც კია, სხვანაირად თუ შევხედავთ" - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ავტომობილების იმპორტის შემცირებას, მომდევნო თვეებში გავლენა ექნება ექსპორტის მაჩვენებლებზე.
" მარტში, იმპორტის შემცირება ავტომობილებით იყო განპირობებული, რაც ვფიქრობთ, რომ მომდევნო თვეებში ავტომობილების ექსპორტზე ოდნავ გავლენას იქონიებს. ახლა რა ექსპორტიც ხორციელდება ავტომობილებზე ნაშთები იყო, მაგრამ რადგან ახლა ვხედავთ იმპორტის შენელებას, ექსპორტზე შესაძლოა ჰქონდეს მომდევნო პერიოდში გავლენა", - ამბობს ქავთარაძე.
საქსტატმა 2024 წლის პირველი კვარტალის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გასულ კვირაში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპორტმა 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება ავტომობილებს, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 486.575 მლნ დოლარის ღირებულების (32 204 ერთეული) მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 707.485 მლნ დოლარს შეადგენდა (47 095 ერთეული).
რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ უცხოეთში 411.771 მლნ დოლარის (22 391 ერთეული) მანქანა გაყიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 443.815 მლნ დოლარი (20 640 ერთეული) შეადგინა.