მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა საქართველოს რკინიგზის 397-მილიონიანი მოგება?

64a29deee3230
შოთა ტყეშელაშვილი
03.07.23 14:33
2436
საქართველოს რკინიგზამ 2022 წელს ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი 14.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა. გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადების ფონზე, კომპანიის შემოსავალმა 127 მილიონი ლარით იმატა და 675 მილიონ ლარს მიაღწია.

შემოსავალზე გაცილებით უფრო მეტად გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგება და 397 მილიონ ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2021 წელს რკინიგზის წმინდა მოგება მხოლოდ 53 მილიონი ლარი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო მოგება გასულ წელს 218 მილიონი ლარი იყო. საოპერაციო მოგებასთან ერთად, კომპანიას გასულ წელს 178 მილიონი ლარის ფინანსური მოგებაც ჰქონდა, რაც გაცვლითი კურსის ეფექტით, ვალების გადაფასებას უკავშირდებოდა.

საქმე იმაშია, რომ ფინანსურ ანგარიშებში შემოსავლად/ხარჯად აღირიცხება კომპანიის არსებული ვალდებულებების ცვლილება. გასულ წელს ლარის გამყარების გამო, რკინიგზის მთლიანი ვალდებულებები 1.59 მილიარდი ლარიდან 1.37 მილიარდ ლარამდე შემცირდა, რაც ფინანსურ ანგარიშში შემოსავლად აისახა, იმის მიუხედავად, რომ ეს თანხა კომპანიას ფულადი ნაკადების სახით არ მიუღია.

შესაბამისად, გასული წლის რკინიგზის მოგების ნახევარი წარმოადგენდა კომპანიის პირდაპირ საოპერაციო მოგებას, ხოლო ნახევარი ფინანსურ მოგებას.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის ხარჯებს, მათ შორის წამყვან ადგილზე სახელფასო ხარჯი იყო, რამაც გასულ წელს 198 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის აქტივების ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი 66 მილიონი ლარი იყო, ელექტროენერგიის, საწვავის და სხვა მასალების ხარჯი 80 მილიონი, “სხვა ხარჯები” კი 128 მილიონ ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, 2022 წელს რკინიგზაში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები მოხდა. 2022 წლის დეკემბერში საქართველოს რკინიგზა საპარტნიორო ფონდის შემადგენლობიდან გამოვიდა.

საქართველოს რკინიგზის უმსხვილესი პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტია, რომელსაც კომპანია 2011 წლიდან ახორციელებს. საუბარია ზესტაფონი-ხარაგაული-მოლითი-ქვიშხეთის გზაზე, სადაც 23 კმ-ის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო 38 კმ-ის ახალი ხაზი მოეწყო. მათ შორის გაიჭრა 8.3 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო გვირაბი. BMG-ისთვის მოწოდებულ პასუხში საქართველოს რკინიგზა აღნიშნავს, რომ ამჟამად დასრულებულია პროექტის სამშენებლო ეტაპის 96% და ახალი მონაკვეთი ექსპლოატაციაში წლის ბოლოს შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები