"ოცნების" მთავრობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილე საქართველოდან თურქეთში ექსპორტის შემცირებას ორი ძირითადი კომპონენტით ხსნის. გიორგი კაკაურიძემ "ოცნების" ერთპარტიულ პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, სპორტისა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვისას, დეპუტატ ილია ინჯიას დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თურქეთში შემცირებულია ელექტროენერგიისა და ფეროშენადნობების რეალიზაცია.
„თურქეთთან ექსპორტის შემცირება ორმა ფაქტორმა გამოიწვია, ერთი ელექტროენერგიის 42%-იანი, მეორე კი ფეროშენადნობების ექსპორტის 79%-იანი შემცირებაა.
ელექტროენერგიის შემთხვევაში ჩვენთან მოხმარება გაიზარდა. შესაბამისად ელექტროენერგიის ის რაოდენობა ვერ გავიდა, რაც გასულ წელს იყო. რაც შეეხება ფეროშენადნობებს, აქ ზოგადად მოთხოვნასთან მიმართებით სერიოზული პრობლემაა, როგორც ამერიკაში ისე ევროპაში ფეროშენადნობებზე მოთხოვნაა შემცირებული. თურქეთი ამ შემთხვევაში არ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი, ფეროშენადნობების რეალიზაცია ძირითადად ამერიკაში ხდება ხოლმე, თუმცა თურქეთშიც იყო გარკვეული გატანები, რაც წელს არ გვქონდა“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, 7 თვეში საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 31.6%-ით 196 მილიონ 244 ათას დოლარამდე შემცირდა. ამგვარად პარტნიორი ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მეზობელი თურქეთი 5.1%-იანი წილით მეექვსე ადგილზეა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ხუთეულში ტრიკოტაჟის ნაწარმის, ელექტროენერგიის, ფეროშენადნობების რეალიზაციაა შემცირებული.




























