განსჯადი სასამართლოების დამატება და თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში საგადასახადო კოლეგიების შექმნა - ეს ორი საკითხი მიაჩნია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელ ზურაბ ძნელაშვილს გაჭიანურებული საგადასახადო დავების აღმოფხვრის წინაპირობად. ამის შესახებ მან "საქმის კურსში" ისაუბრა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
საქმე ის არის, რომ ბოლო პერიოდში სასამართლოებში საგადასახადო დავების განხილვა გააქტიურდა. ინფორმაციას პროცესში ჩართული პირები ადასტურებენ. მათი ცნობით, როგორც მიმდინარე, ასევე გასული წლების საგადასახადო დავებზე სხდომები ჩაინიშნა. პროცესის გააქტიურების შესახებ საუბრობს ზურაბ ძნელაშვილიც. მიუხედავად იმისა, რომ ის საგადასახადო დავების გააქტიურების პოზიტიურად აფასებს და ზოგადად ამ ტიპის გაჭიანურების აღმოფხვრის შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას.
"დაინიშნა ორი-სამი წლის წინ შეტანილ სარჩელებზეც და ერთი თვის წინ შეტანილზეც, ანუ ძალიან ახლებზეც და ძველებზეც. ნამდვილად იგრძნობა ეს ტენდენცია. მიზეზი არ ვიცი, სასამართლოებმა რატომ დაიწყეს საგადასახადო დავების პრიორიტეტულად განხილვა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ეს ყველა მხარისთვის სასარგებლოა. საქართველოს მასშტაბით 3000-ზე მეტი საგადასახადო დავაა სასამართლოში, სადაც გადამხდელები აპროტესტებენ დარიცხვას და დარიცხვის კანონიერების შემოწმებას ითხოვენ. ალბათ, სასამართლო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს რაღაცნაირად უნდა განიმუხტოს. რადგან ეს მოსამართლისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც და მეწარმეებისთვისაც ტვირთია",- ამბობს ზურაბ ძნელაშვილი.
მისი თქმით, გამოწვევა, რაც განხილვის გაჭიანურებას იწვევს საქმეთა სიმრავლეა და იმისთვის, რომ სამომავლოდ საკითხი გადაიჭრას, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით განსჯადი სასამართლოები დაემატოს, რომ დავებს მხოლოდ თბილისის და ქუთაისის სასამართლოები არ იხილავდნენ. ზურაბ ძნელაშვილის შეფასებით, ასევე საჭიროა საგადასახადო კოლეგიის შექმნა.
"გაჭიანურების მთავარი მიზეზი საქმეთა სიმრავლეა. განა არ იხილავენ მოსამართლეები, განა არ ნიშნავენ პროცესს, უბრალოდ ფიზიკურად ძალიან ბევრი დავაა და ვერ აუდიან. ამის წყარო ისაა, რომ საგადასახადო დავებს საქართველოში მხოლოდ ორი - თბილისის და ქუთაისის სასამართლო იხილავს. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი და ამ პრინციპის გადახედვა შეიძლება. ახლა მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით შედის სარჩელი, მოპასუხე არის შემოსავლების სამსახური, რომელსაც აქვს ორი მისამართი, თბილისი და ქუთაისი. შესაბამისად, ავტომატურად განსჯადი გახდა თბილისის და ქუთაისის სასამართლოები და ქვეყანაში არც ერთი სხვა სასამართლო საგადასახადო დავას არ იხილავს. ვფიქრობ, რომ ახლა მაგალითად საგადასახადო შემოწმებიდან გამომდინარე დავები შეიძლება თბილისს და ქუთაისს დავუტოვოთ, რადგან იქ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, მოსამართლეებში კვალიფიკაცია ამაღლდა, მაგრამ დანარჩენი, მაგალითად სამართალდარღვევებიდან გამომდინარე დავები, რატომ არ შეიძლება, რომ გადანაწილდეს დანარჩენ სასამართლოებზე, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს იხილავენ, საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევებს რატო ვერ განიხილავენ რაიონული და საქალაქო სასამართლოები? განსჯადი სასამართლოები უნდა დაემატოს, ანუ უნდა ვთქვათ, რომ სარჩელები შეიძლება შევიდეს მოსარჩელის ადგილსამყოფელის მიხედვით და სადაც მეწარმეა, თავის ტერიტორიაზე შეიტანოს.
მეორე, ყველაზე სწორი ამ ეტაპზე, რაც გასაკეთებელია - სპეციალიზაციაა. არ შეიძლება, რომ მოსამართლე იხილავდეს ყველა კატეგორიის ადმინისტრაციულ დავას. ცხადია, მას ეს დავები დაუგროვდება, როცა ყველანაირი კატეგორიის დავა აქვს განსახილველი, პრიორიტიზაციას ვერ მოახდენ, მიყვება შეტანის თარიღის მიხედვით და ქრონოლოგიურად. აქ ყველაზე კარგი გამოსავალი მაინც თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში საგადასახადო კოლეგიების შექმნაა. მე მოვუწოდებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, გააკეთოს საგადასახადო კოლეგია ამ ორ საქალაქო სასამართლოში და სადაც იქნებიან სპეციალიზებული მოსამართლეები",- აღნიშნავს ზურაბ ძნელაშვილი.




























