მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ შეუწყო ხელი ლურჯი მოცვის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას? - ასოციაციის განმარტება

ლურჯი მოცვი

2024 წლის ზაფხულში საქართველოდან ექსპორტირებული ლურჯი მოცვის მოცულობა 54%-ით, მისი ღირებულება კი 53%-ით გაიზარდა. ამასთან, ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი გაიზარდა, რუსეთს კი - შემცირდა. ჯამში კი წელს ლურჯი მოცვის რეკორდული რაოდენობის, 26 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

როგორც "ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის" დირექტორი, შოთა ცუკოშვილი "საქმიანი დილას" ეთერში განმარტავს, საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციამ მოცვზე ფასის ზრდასაც შეუწყო ხელი.

"ექსპორტის დივერსიფიკაციაში ძალიან დიდი როლი ითამაშა მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ, სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად, რამაც განაპირობა ის, რომ რაც წინა წლებში ხდებოდა, როდესაც რუსეთში გადიოდა ძირითადი ნაწილი და ხდებოდა მანიპულირება ფასებთან მიმართებით, წელს შეიცვალა და მოხდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ამან კარგი ფასის ჩამოყალიბებაც უზრუნველყო", - ამბობს შოთა ცუკოშვილი.

ასოციაციის დირექტორი განმარტავს, რომ გასულ წლებში ბაზრის დივერსიფიკაცია ინდუსტრიაში გამოცდილების ნაკლებობის გამო ვერ ხდებოდა. მისი თქმით, პრობლემა იყო ლურჯი მოცვის შენახვა და მისი გრძელ მანძილზე ტრანსპორტირება.

"იქიდან გამომდინარე, რომ მოცვი ახალი კულტურაა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით ბოლო პერიოდში, როდესაც ბაღებს ვაშენებდით. საბედნიეროდ, შემოვიდნენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ და ამ მიმართულებით ბევრი საკითხი მოწესრიგდა, ხელმისაწვდომი გახდა უკეთესი ნერგები და ის საწამლი საშუალებები, რაც მოცვს სჭირდება.

ასევე არ იყო კარგად განვითარებული სამაცივრე ინფრასტუქტურა, და ჯერ კიდევ ბოლომდე კარგად შესწავლილი არ გვაქვს მოცვის მოკრეფის შემდგომი პროცედურები, რადგან საქართველოში ეს ცოდნა არ არის.

დიდი ცოდნა მაინცდამაინც არც ევროპაშია, ევროპას ბაზარი ევროკავშირის შიგნით აქვს და არ სჭირდება შორ მანძილზე ტრანსპორტირება, ამიტომ ასოციაციამ გამოსავალი ნახა: გასულ წელს ვიმყოფებოდით ჩილეში, რომელიც მოწინავე ქვეყანაა მოცვის მიმართულებით და შორ მანძილზე მალფუჭებადი პროდუქციის გადატანის გამოცდილებაც აქვს. სწორედ ეს არის ქვეყანა, რომლისგანაც ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ. შედგა კომუნიკაცია, ვაპირებთ სპეციალისტების ჩამოყვანას გაზაფხულზე და შემდგომ პერიოდში, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ პრობლემის გადაჭრაში და უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ქართული მოცვი საერთაშორისო ბაზარზე", - განაცხადა შოთა ცუკოშვილმა.

ასოციაციის დირექტორმა ლურჯი მოცვის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა მუშახელის დეფიციტია.

"გამოწვევა დარგში ძალიან ბევრია, გვაქვს მუშახელის პრობლემა. მაგალითად, 5 ათას ტონა პროდუქცია, რომელიც წელს მივიღეთ, 40 დღის განმავლობაში იკრიფებოდა და დიდ რესურსს მოითხოვდა. ასოციაციის პროგნოზით, 2028 წლისთვის 15-20 ათას ტონა მოსავალს ველოდებით და ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული", - ამბობს ის.

შოთა ცუკოშვილი აღნიშნავს, რომ გამოწვევების მიუხედავად საქართველოში მოცვის გაშენებით სამი საერთაშორისო ინვესტორია დაინტერესებული, რომლებიც ქვეყანაში ჩილედან, ესპანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან შემოვლენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები