მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის ლურჯი მოცვის სექტორი საინვესტიციოდ მიმზიდველი? - მარიამ ქოიავას განმარტება

მოცვი

ლურჯი მოცვის ბაღებს დღეს მსოფლიოს 5 კონტინენტზე 248,550 ჰექტარი უკავიათ. ამის მიუხედავად, იმისთვის, რომ მოცვზე მსოფლიო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, 2050 წლამდე ამ კულტურის ბაღის ფართობი, მინიმუმ, უნდა გაორმაგდეს - ლურჯი მოცვის მსოფლიო ტენდენციებსა და საქართველოში ამ დარგის განვითარების პოტენციალზე, BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში, SavvY-ის რუბრიკა "ინვესტიციის დროას" ფარგლებში, მარიამ ქოიავა საუბრობს.

"კულტივირებული მოცვი მსოფლიოს მასშტაბით შედარებით ახალი კულტურაა, სულ 5-6 ლიდერი ქვეყანაა მწარმოებელი და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებია ლიდერი, ასევე სამხრეთ ამერიკაში პერუ და ჩილე, ნიდერლანდები, კანადა... მოროკოც საკმაოდ დიდი მწარმოებელია - სწორედ ეს ქვეყნები ადგენენ საექსპორტო ფასს.

მოცულობის კუთხით, მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული ლურჯი მოცვის 25% ექსპორტირებადია, დანარჩენი კი შიდა მოხმარებით ხასიათდება. ბოლო წლებში კი ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, სადაც მოყვანა შეუძლებელია (მაგალითად, საუდის არაბეთი), აქტიურად იწყებენ მოცვის მოხმარებას, რაც ამ კულტურაზე დამატებით მოთხოვნას აჩენს", - განმარტავს ქოიავა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მოცვზე მოთხოვნა მზარდია, ეს მარცვლოვანი კულტურა საინვესტიციოდ მოგებიანია იმიტომ, რომ ერთ ჰექტარზე დიდი ამონაგები აქვს.

"ლურჯი მოცვის ბაღებს 1 ჰა-ზე ძალიან დიდი ამონაგები აქვთ, ექსპორტის კუთხით საინტერესო პროდუქციაა და ფასიც მაღალი უჭირავს: 2023 წელს საშუალო საექსპორტო ფასი $6,10-ია, რაც თუ შევადარებთ სხვა კულტურებს, საკმაოდ მაღალია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მოცვის აქტიური გაშენება 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც ვხედავდით, რომ ასობით ჰექტარი შენდებოდა. ამის მიუხედავად, ყველაზე დიდი გაშენება, 400-500 ჰექტარზე მეტი, 2021-22 წლებში მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სრული მსხმოიარობის შედეგი არ მიგვიღია", - ამბობს მარიამ ქოიავა.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ სრულ მსხმოიარობამდეც კი, 2023 წელს საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტმა 3 300 ტონა შეადგინა და წელს ამ მოცულობის გაორმაგებაა ნავარაუდები.

"გასულ წელს უკვე გვქონდა $20 მლნ-ის ექსპორტი, 3 300 ტონა, და წელს ამ შედეგების გაორმაგებას ველოდებით. მოცვს, ვინაიდან ბოლო წლებშია ჩვენთან გაშენებული, რამდენიმე წელი მსგავსი დინამიკა და მზარდი ტენდენცია ექნება.

ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული დარგი, განსაკუთრებით დღეს, იმიტომ რომ ბევრი სუბსიდირების პროგრამა გვაქვს, რომელიც ჩვენ ჩადებულ თითოეულ ლარ კაპიტალზე, მაქსიმალურ უკუგებას გვაძლევს. ასევე, ვართ კარგ ადგილას, რომ ლოგისტიკურად გაცილებით მარტივად მივწვდეთ კარგი მოხმარების ბაზრებს, ვიდრე ამას ჩვენი კონკურენტი ქვეყნები ახერხებენ", - ამბობს მარიამ ქოიავა.

აღსანიშნავია, რომ, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა წლის ექსპორტის სრულ მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები