მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი ქვეყნის მთავარი სტრატეგია არსებული ინვესტორების კარგ განწყობაზე ზრუნვაა - მარიამ ქოიავა

SavvY-ს დამფუძნებელი

ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია SavvY-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას დადებითად აფასებს. BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში მარიამ ქოიავამ ყურადღება რეინვესტიციის კოეფიციენტზე გაამახვილა, რაც ჯამურ FDI-ში 83%-ს აჭარბებს.

საქმე ის არის, რომ საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში ქვეყანაში $506 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, აქედან $423 მლნ რეინვესტიციაა ანუ ჯამურ FDI-ში რეინვესტიციის წონა 83.5%-ია.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან აქტუალური საკითხია, რადგან დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ სფეროში, სადაც ინვესტიცია ხორციელდება, არამედ მომიჯნავე სექტორებზეც, ამიტომ FDI ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და გვინდა, უფრო ხარისხიანი, უფრო ცნობადი და კარგი ინვესტორები გვყავდეს ქვეყანაში.


რაც შეეხება დინამიკას, ვხედავთ, რომ თუნდაც დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა რომ შევადაროთ გასული წლების იგივე მონაცემებს, პანდემიური რთული პერიოდის შემდეგ მზარდი ტენდენცია გვაქვს.
ასევე, ვხედავთ,  რეინვესტირების მაღალ კოეფიციენტს, რაც დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია და ყოველთვის ვაკვირდებით, რადგან რეინვესტირება ნიშნავს კმაყოფილ ინვესტორს. რეინვესტიციის წილი როდესაც მაღალია, ე.ი. რაღაცას ქვეყანა კარგად აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორს არ უჩნდება სურვილი, თავისი ფული უკანო წაიღოს და აგრძელებს ინვესტირებას; ეს კი ნიშნავს კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას, ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას და ბევრ სხვა პოზიტიურ ფაქტორს.


დღეს გლობალურად, ძალიან ბევრი ქვეყნის მთავარი სტრატეგია არა ახალი ინვესტორების შემოყვანა, არამედ არსებულების მაქსიმალურად შენარჩუნება, კარგ განწყობაზე ყოფნა და რეინვესტირების პარამეტრის კიდევ უფრო ზრდაა“, - განაცხადა მარიამ ქოიავამ. 


რაც შეეხება ახალი ინვესტორების მოზიდვისთვის შემაფერხებელ ფაქტორებს, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია SavvY-ის თანადამფუძნებელმა ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარება დაასახელა. გარდა ამისა, საინვესტიციო კლიმატის სუსტ წერტილებზე საუბრისას მარიამ ქოიავამ გამოყო ბაზრის მცირე ზომა და სამუშაო ძალის დეფიციტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები