18 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემა 2 სექტემბრიდან დაიწყო. მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს უკვე რეგისტრირებული ბავშვებისთვის თანხის ჩარიცხვა 1 კვირის განმავლობაში დაავალა.
BM.GE დაინტერესდა რამდენ ბავშვს დაერიცხა 10 სექტემბრის მდგომარეობით სოციალური დახმარება და რამდენი განაცხადი დახარვეზდა.
როგორც BM.GE-ის ჯანდაცვის უწყებიდან აცნობეს, 200-ლარიანი დახმარებების გაცემის პროცესში 37 016 ბავშვის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა კომისიამ დაახარვეზა.
„განსახილველი სულ 37 016 ბავშვის შესახებ განაცხადია. ამის მიზეზი შემდეგია: თუ ბიოლოგიური კავშირი ვერ დგინდება მშობლის და ბავშვის, ან შეცდომით აქვს დოკუმენტები ატვირთული, ან ვისაც საბანკო ანაგარიშის შეცვლა სურს“, - განმარტავენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, 9 სექტემბრის მდგომარეობით თანხა 825 182 ბავშვს უკვე დაერიცხა.




























