ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ფუნდამენტურად ცვლის არა მხოლოდ ჩვენს ყოველდღიურობას, არამედ მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის გლობალურ ენერგეტიკულ სისტემას. AI-მოდელების განვითარება და ყოველდღიური ექსპლუატაცია სულ უფრო მეტად აქცევს ხელოვნურ ინტელექტს ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლად, რასაც განსაკუთრებით აჩქარებს ახალი თაობის Data-ცენტრების მშენებლობა.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევის თანახმად, მონაცემთა ცენტრები დღეს გლობალური ელექტროენერგიის დაახლოებით 1.5%-ს მოიხმარენ. IEA-ის პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 3%-მდე გაიზრდება, ანუ ის გაორმაგდება. მონაცემთა ცენტრების ენერგომოხმარება 2024 წელს 415 ტერავატსაათს შეადგენდა, ხოლო 2030 წლისთვის მან შესაძლოა 945 ტერავატსაათს მიაღწიოს — თითქმის ორმაგი ზრდა მხოლოდ ექვს წელიწადში, რაც კოლოსალური ნახტომია და ამ მიმართულებით AI უკონკურენტოა.
ამ დრამატული ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ AI-სთან დაკავშირებული დატვირთვაა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ექვს წელიწადში AI-ზე ორიენტირებული მონაცემთა ცენტრების ენერგომოხმარება ოთხჯერ შეიძლება გაიზარდოს.
საქმე ისაა, რომ ტექნოლოგიური გიგანტები — OpenAI, Google, Microsoft, Meta და Oracle მოდელების გასაწვრთნელად ასეულობით ათასი პროცესორს ერთდროულად იყენებენ, რაც ათიათასობით მეგავატსაათ ენერგიას საჭიროებს.
რეალურად, AI იმდენად დიდი ენერგიას მოიხმარს, რომ მის გამოსაკვებად ამჟამად არსებული სისტემა საკმარისი არ არის, სწორედ ამიტომ, ზემოხსენებული ტექნოლოგიური გიგანტები საკუთარი ბირთვული სადგურების აშენებას გეგმავენ, რათა “დამშეულ” ხელოვნურ ინტელექტს მეტი სარგებლის გენერირება აიძულონ.




























