თბილისის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ფასდადების სისტემის განახლებაზე მუშაობს. მერიის ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში ზონალური პარკირების ტერიტორიაზე გაჩერება კვლავ 1 ლარი ეღირება, ხოლო არაზონალური პარკირების წლიური აბონემენტიც 50 ლარზე ნარჩუნდება. თუმცა შეიცვლება ზონალურ-საათობრივი პარკირების ფასდადების სისტემა.
ახალი სისტემა 5 სატარიფო პაკეტს მოიცავს. კერძოდ, ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალში ავტომობილის წლიურად ულიმიტოდ გაჩერება 800 ლარი ეღირება; 6 თვე - 500 ლარი, 1 თვე - 300 ლარი, ერთი კვირა - 100 ლარი და ერთი დღე 20 ლარი.
2018 წლიდან მოყოლებული კომპანია თბილისის პარკირების სისტემის ოპერატორია და ქალაქის მასშტაბით არსებული 30,000 საპარკინგე ადგილის მონიტორინგზეა პასუხისმგებელი. 2020 წელს კომპანიის შემოსავალი პარკინგიდან 5.6 მილიონი ლარი იყო. სავარაუდოდ, ახალი საფასო ტარიფები სწორედ ამ კომპანიის შემოსავლების ზრდაზე არის ორიენტირებული.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანიამდე" დედაქალაქში პარკინგის ოპერატორი "სითი პარკი" იყო, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გაწყვიტა.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ძირითადი საქმიანობა ავტობუსებით და მეტროთი მგზავრთა გადაყვანაა, რომლის გადახდის წესიც ასევე იცვლება და სააბონენტო მოსაკრებელი დგინდება, ხოლო ერთჯერადი მგზავრობის საფასური 1 ლარამდე იზრდება.
2020 წელს პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე, კომპანიამ 150 მილიონი ლარით იზარალა.