მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიონად შეაფასა Tether-მა CityPay.io საინვესტიციო რაუნდისას?

64a3e077084d2
გიორგი არონია
05.07.23 00:00
531

მაისის ბოლოს, კრიპტოგადახდების მიმართულებით წამყვანმა ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, CityPay.io-მ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტი, ანუ გამომშვები კომპანიისგან, Tether-ისგან ინვესტიცია მოიზიდა.

როგორ კომპანიების მიერ, ინვესტიციის დროს გავრცელებული პრესრელიზიდან გაირკვა, Tether-ისგან მოზიდული ინვესტიციით, CityPay.io საქართველოში და რეგიონში გაფართოებისთვის გამოიყენებს.

ქართულ სტარტაპში ინვესტირების საკითხზე, Tether-ის ტექნოლოგიურმა დირექტორმა, პაოლო არდოინომ ბიემჯისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა.

“ცოტა ხნის წინ, ინვესტიცია განვახორციელეთ ერთ-ერთ წამყვან ქართულ სტარტაპში, CityPay.io-ში, რომელიც კრიპტოგადახდებს უზრუნველყოფს. კომპანიას კარგი გუნდი მართავს და დარწმუნებული ვარ, ის გაიზრდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ჩვენი ამბიციაც ესაა - საერთაშორისო ბაზრის ათვისება და პოტენციურად ერთ-ერთი ქართული “იუნიქორნის” წილის ფლობა”, - განაცხადა პაოლო არდოინომ.

ბიემჯისთან საუბრისას, Tether-ის ტექნოლოგიური დირექტორი, პაოლო არდოინო ასახელებს კომპანიის ღირებულებს შეფასებას, რომლის საფუძველზე კომპანიამ ინვესტიცია განახორციელა. პაოლო არდოინოს თქმით, ინვესტიციის დროს, CityPay.io $15 მილიონად იყო შეფასებული.

“ინვესტიცია კომპანიის $15-მილიონიანი შეფასების საფუძველზე, ბოლო საინვესტიციო რაუნდამდე განვახორციელეთ. ინვესტიციის მიზანი ისაა, რომ ამგვარი ბიზნესების უმეტესობა კაპიტალინტენსიურია, ხოლო ჩვენ გვინდა, კომპანიებმა ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილონ, მათ შორის პროდუქტის პრაქტიკულობასა და ბიზნესის განვითარებაზე. აუცილებელია, გყავდეს ადამიანები, რომლებიც მერჩანტებს შენი პროდუქტს გააცნობენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტექნოლოგიას მხოლოდ ახალგაზრდები არ იყენებდნენ, რადგან მთავარი არსი - ინკლუზიურობაა. ადამიანები ამ ტექნოლოგიის არსს უნდა ჩასწვდნენ და მისი არ უნდა ეშინოდეთ, რადგან მას დიდი პოტენციალი აქვს.

მასშტაბირებისთვის, მნიშვნელოვანია ნაღდი ფული და მისი ინვესტირება. ცხადია, ეს ყველაფერი არ არის - კომპანიაში ინვესტიციას დიდი ხნით ვახორციელებთ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომელთაც კომპანიები შემდეგი საინვესტიციო რაუნდის, დამატებითი კაპიტალის მოზიდვისა და რჩევების კუთხით ენდობიან”, - აღნიშნავს პაოლო არდოინო ბიემჯისთან საუბრისას.

პაოლო არდოინოს, ცხადია, ვესაუბრეთ ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაზე და ვკითხეთ, ხომ არ გეგმავს Tether-ი ინვესტირებას სხვა ქართულ სტარტაპებში.

“გასულ დღეებში რამდენიმე დამფუძნებელს შევხვდით, რომელთა სტარტაპებს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, მოლაპარაკებები, რასაკვირველია, ჯერ ადრეულ ეტაპზეა. ერთი მათგანი განათლების სფეროში ოპერირებს და მომხმარებლებს ფიზიკურ და ონლაინკურსებს სთავაზობს. ეს კომპანია საკმაოდ გაზრდილია, მაგრამ მას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაზრდის პოტენციალი აქვს”, - ამბობს პაოლო არდოინო ბიემჯისთან საუბრისას.

ცნობისთვის: Tether-ის მიერ გამოშვებული სტაბილური კრიპტოვალუტა, იგივე სტეიბლკოინი, საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში რიგით მე-3 კრიპტოვალუტაა - ბიტკოინისა და ეთერის შემდეგ. დღეს, USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $83 მილიარდს აღემატება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები