მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიონს უხდიდა აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენისთვის?

5f89b4cfa1b19
შოთა ტყეშელაშვილი
16.10.20 19:30
5758
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა. კომპანიის აქტივებში საქართველოს ხუთივე აეროპორტი შედის, რომელთაგან “აეროპორტების გაერთიანება” მხოლოდ ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს მართავს.

კომპანია საქართველოში ახალი ოპერატორების შემოყვანის მხარდაჭერის მიზნით, მათ სპეციალურ “მარკეტინგულ დაფინანსებას” აძლევს. პანდემიამდე ამ დაფინანსების ბენეფიციარები ისეთი დაბალბიუჯეტიანი გადამყვანები იყვნენ, როგორიცაა Wizz Air-ი, Ryanair-ი და სხვა ავიაკომპანიები. 

2019 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიებს, ჯამში 15,004,000 ლარი ჩაურიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 3.9 მილიონით მეტი იყო. უფრო კონკრეტულად კი მიმართულების მარკეტინგის ხარჯები წლების მიხედვით ასე ნაწილდება:

2019 წელი - 15,004,000 ლარი;
2018 წელი - 11,145,000 ლარი;
2017 წელი - 7,187,000 ლარი;
2016 წელი - 3,157,000 ლარი.

სახელმწიფოები ავიაკომპანიების დაფინანსებისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებენ, მათ შორისაა მარკეტინგული დაფინანსება, რომელიც აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ დანიშნულების ქვეყანაში არსებული ფრენების რეკლამირებას ხმარდება. მსგავსი "წახალისების" ფორმას სხვა ქვეყნებიც მიმართავენ და კერძო კომპანიებს ფრენების განხორციელებისთვის თანხას საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ურიცხავენ.

თავად აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიებისთვის 15 მილიონი ლარის დაფინანსების გამოყოფას ასე განმარტავს:

"მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების ხარჯები მოიცავს ავიაკომპანიებისთვის გადახდილ წამახალისებელ თანხებს, რომლებიც კომპანიის მიერ გათვალისწინებულია სხვადასხვა არა ექსკლუზიურ წამახალისებელ პაკეტებში, ორიენტირებულია მიმართულებების, სიხშირის ან/და მგზავრთა ნაკადის ზრდაზე ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში. მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების აქტივობებისთვის კომპანია იხდის თანხას ყოველთვიურად, ავიაკომპანიის წარმადობის საფუძველზე (მაგ. ახალი მიმართულებები, მგზავრები დროის პერიოდში, სიხშირე დროის პერიოდში, და ა.შ.), რომელიც არსებითად არის დაკავშირებული წამახალისებელი პაკეტის მოთხოვნებთან", - ნათქვამია ანგარიშგებაში.

იქამდე სანამ საქართველოში პანდემია დაიწყებოდა, ადგილობრივი საავიაციო ბაზრის ლიდერი სწორედ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი იყო, რომელმაც 2019 წელს 825,290 მგზავრი გადაიყვანა და ქართული ბაზრის 16% დაიკავა.

თავად აეროპორტების გაერთიანება შემოსავალს საავიაციო შემოსავლიდან იღებს. 2019 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 3.9 მილიონით გაიზარდა და 68 მილიონ ლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები