მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ ოჯახს დაუმტკიცდა სუბსიდირებული იპოთეკა?

61964767714d7
შოთა ტყეშელაშვილი
18.11.21 17:00
729
მთავრობამ, წინასაარჩევნოდ იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა დაიწყო. 2021 წლის 1 სექტემბრიდან დაბადებული ბავშვების მშობლებს ახალ იპოთეკურ სესხებზე სახელმწიფოსგან თანადაფინანსების სუბსიდიის მოთხოვნა შეუძლიათ. პროგრამა ახლადაბადებულ ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაც(3+) ითვალისწინებს იპოთეკის სუბსიდირებას.

პროგრამის მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სადეპუტატო კითხვის პასუხიდან ირკვევა, სადაც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დეპუტატ ხათუნა სამნიძეს პასუხობს, რომ პროგრამის ამოქმედებიდან, ერთი თვის განმავლობაში სულ 591 იპოთეკური სესხი დამტკიცდა, და ამ სესხების ჯამური ღირებულება 66.1 მილიონი ლარი იყო.

“პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო 2021 წლის 1 სექტემბრიდან. 2021 წლის 4 ოქტომბრის მონაცემით, დადასტურებული განაცხადების რაოდენობა არის 591, ხოლო აღნიშნულ ბენეფიციარებზე დამტკიცებული სესხის ჯამური მოცულობა შეადგენს 66,146,347 ლარს. პროგრამაში განაცხადების მიღება კონკრეტული პერიოდით არ შემოიფარგლება. ველოდებით, რომ აღნიშნული პროგრამით მომდევნო წლების განმავლობაში ისარგებლებს წლიურად 1000 მდე ახალი ბენეფიციარი,”- ნათქვამია დოკუმენტში.

სუბსიდირების პირობებია:

პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს (3 ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5-წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით.

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობაა 200 000₾.

თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %-ს, არაუმეტეს 6%-ის ოდენობით.

თუ მსესხებელს ყავს 3 ან მეტი შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5 %, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები