1-ელი ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდში პრემიერ-მინისტრს, სამინისტროს ან მინისტრს, ადგილობრივ თვითმმართველობებს (მუნიციპალიტეტებს) და სხვა დაწესებულებებს პარლამენტის წევრის 121 კითხვა გაეგზავნა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 91-ზე (75 %), ხოლო 30 წერილობით კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული, რაც გაგზავნილი კითხვების საერთო რაოდენობის 25 %-ს წარმოადგენს - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელზეც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა.
კომიტეტი პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების თაობაზე ინფორმაციას გაეცნო და ბიუროსთვის გადაცემის საკითხს მხარი დაუჭირა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტების მიმართ გაგზავნილი წერილების რაოდენობა მთლიანად გაგზავნილი კითხვების რაოდენობის 7 პროცენტია, სხვა დაწესებულებების მიმართ - 21 %, მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, სამინისტროების და სსიპ-ების მიმართ - 72 %.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ზოგ შემთხვევაში დარღვეულია პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადები, ასევე რიგ შემთხვევაში გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირების მიერ პასუხის გაცემის ფაქტი.
„ფაქტობრივად მიღწეულია გარკვეული დონე, თუმცა, აღნიშნული რეგულაციების რეგლამენტში შემოტანის შემდეგ უკვე მეოთხე მონიტორინგი ჩატარდა და პასუხგაუცემელ კითხვათა რაოდენობა დაახლოებით 23-25%-ის ფარგლებში მერყეობს. სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამ ციფრის დაკლება. აქედან გამომდინარე, შემდეგი მოწვევის პარლამენტში, როდესაც ეს საკითხები დადგება, კომიტეტს მოუწევს უფრო მკაფიო რეაგირება და შესაძლებელია პარლამენტში მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოწვევა და შესაბამისი მითითებების გაცემა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.