პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი განიხილა.
კომიტეტის მიერ საკითხის შესწავლის შედეგები კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა გააცნო. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის 1 მარტიდან 31 მაისის პერიოდში საქართველოს მთავრობის წევრებს, პრემიერ - მინისტრს, სამინისტროს ან მინისტრს, ადგილობრივ თვითმმართველობებს (მუნიციპალიტეტებს) და სხვა დაწესებულებებს სულ პარლამენტის წევრის 342 კითხვა გაეგზავნათ, რომელთაგან პასუხი გაცემულია 272 წერილობით კითხვაზე (80%), ხოლო 70 წერილობით კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული, რაც გაგზავნილი კითხვების საერთო რაოდენობის 20%-ს წარმოადგენს.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება შევაჯამოთ, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი - პარლამენტის წევრის კითხვა საკმაოდ აქტიურად გამოიყენება პარლამენტის წევრების მიერ. სამწუხაროდ, სახეზეა პასუხგაუცემელი კითხვების გარკვეული რაოდენობა, აგრეთვე, საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის დარღვევისა და არაუფლებამოსილი პირების მიერ გაცემული პასუხების ცალკეული შემთხვევები“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, დინამიკა აჩვენებს, რომ წინა პერიოდებთან შედარებით პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა იკლებს.
„ეს შედეგი მაინც არ არის სახარბიელო, ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვექნება მთავრობის ადმინისტრაციასთან, რადგან ამ მიმართულებით უკეთესი შედეგია საჭირო“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.