მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად აღდგა ტურიზმი ევროკავშირიდან? - ათეულში ბლოკის არცერთი ქვეყანა არაა

63ce999f17db5
მარიამ ვარადაშვილი
23.01.23 18:31
982
დღეს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2022 წლის ტურიზმის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან აღდგენის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა 56%-ით აღდგა.

კერძოდ, 2022 წელს ამ ქვეყნებიდან ჯამში 271 266 ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 44%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, ხოლო წლიური ზრდა 96.6%-ს შეადგენს. პანდემიამდელ 2019 წელს კი ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამში დაახლოებით 482 ათასი ვიზიტი განხორციელდა.

ვიზიტების კუთხით გერმანია ლიდერობს, საიდანაც გასულ წელს 48 548 ვიზიტი განხორციელდა, რაც 45.5%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. მეორე ადგილზეა პოლონეთი, აქედან 41 917 ვიზიტი განხორციელდა, 52.5%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, ხოლო მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი 21 407 ვიზიტით, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბრექსიტის მიუხედავად ისევ ევროკავშირის ქვეყნებში თვლის. 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 43%-ით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის არცერთი ქვეყანა საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის მიხედვით Top-ათეულში არ შედის. გასულ წელს საერთაშორისო ვიზიტების კუთხით რუსეთი ლიდერობდა. ჯამში ამ ქვეყნიდან 1 087 257 ვიზიტორი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ვიზიტორების რიცხვი 410.5%-ით არის გაზრდილი, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელზე 26.1%-ით ნაკლებია.

ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლებზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმაც ისაუბრა. მინისტრი მიიჩნევს, რომ 2023 წელს ვიზიტორების რაოდენობის 30-40%-იანი ზრდის პოტენციალი არსებობს.

“ტურიზმის აღდგენის პროცესი საკმაოდ ძლიერია, თუმცა აღსანიშნია ის გარემოება, რომ რაოდენობრივ ნაწილში ტურიზმის მაჩვენებელი ჯერჯერობით არ არის დაბრუნებული იმ მაჩვენებელზე, რა რაოდენობაც პანდემიამდე გვქონდა. მეორე მხრივ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ტურიზმს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რომ მიმდინარე 2023 წელს იგი საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები