"ანალიტიკამ" ინტერვიუ ჩაწერა ანნა დერევიანკოსთან, რომელიც EBA უკრაინა-ს წარმოადგენს და ასევე EBA საქართველო-ს წარმომადგენელ ჯონ ბრეკეველდტისთან.
კითხვაზე, თუ რამდენად არის დღეს რეპუტაციული ზიანი რუსეთში ბიზნესის წარმოება, ანნა დერევიანკო პასუხობს, რომ ეს ძალიან სენსიტიური საკითხია ძალიან ბევრი ბიზნესისთვის უკრაინაში, რადგან მათ ჰყავთ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის რუსეთშიც.
"მათთვის ყოველთვის არსებობს არჩევანი, ან გააგრძელონ ბიზნესის წარმოება, როგორც ყოველთვის ან სხვა გზებზეც იფიქრონ, რადგან ძალიან რთულია ფულის აღება იქიდან, საიდანაც ადამიანებს ხოცავენ. აქ პოლიტიკაზეც აღარაა საქმე, აქ ქვეყანაა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კლავს და ამას ყველა ხედავს, რადგან ყველა საერთაშორისო ტელევიზია აშუქებს. ამდენად, წმინდა ადამიანურად, არჩევანი გასაკეთებელია, რომელ მხარეს დგები, მაგრამ მეორეს მხრივ, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ნამდვილად ფიქრობს დატოვოს რუსეთის ბაზარი, თუმცა ეს ასეთი მარტივი არ არის. თითქმის ყველა მათგანს კომპანიის შიგნით კონსულტაციები აქვთ, ზოგმა უკვე დატოვა რუსეთის ფედერაციის ბაზარი, ზოგი ჯერ კიდევ პროცესშია.
იმასაც ვიტყვი, რომ უკრაინაში ის ბიზნესები, რომლებიც ბიზნესს რუსეთში აწარმოებენ, ძალიან ტოქსიკურები არიან. მათი რეპუტაცია დაზიანებულია, თუმცა კიდევ ერთხელ, უკრაინის მთავრობა ბევრს მუშაობს იმაზე, თუ როგორ აიძულოს ის კომპანიები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსეთის ბაზარზე, რომ მათაც დატოვონ რუსეთი. ეს არ ხდება მხოლოდ უკრაინის გამო, ეს ხდება მსოფლიოში მშვიდობის აღდგენისთვის, რადგან მნიშვნელოვანია დაფინანსება შეუწყდეს რუსეთის სამხედრო მანქანას, რომელიც კაცობრიობის წინაშე დანაშაულებს ჩადის. ამის გაჩერება ნებისმიერ ფულზე უფრო მნიშვნელოვანია.
ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ვნახოთ, რა განვითარება მოყვება, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ბიზნესი განსაცდელშია გლობალურად, რადგან ლოგისტიკური ჯაჭვების რღვევა უკრაინასა და რუსეთში, რეალურად, გლობალური ბიზნესის შეფერხებებით მუშაობასაც ნიშნავს, განსაკუთრებით, საკვების ინდუსტრიაში. იმედი დავიტოვოთ, რომ ომი დასრულდება უკრაინაში და უფრო დიდ მასშტაბს აღარ შეიძენს, რადგან, საკუთარ თავზე გამოვცადე ეს ომი და გეტყვით, ის საშინელია"-ამბობს დერევიანკო.
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვართ ბიზნესასოციაცია და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბიზნესს არ დაუწყია ომი. პოლიტიკოსებმა დაიწყეს. სრულად ვეთანხმები ეკონომიკურ სანქციებს, სრულად ვეთანხმები ბიზნესის განწყობას, რომ დატოვოს რუსეთის ბაზარი, მაგრამ არ ვეთანხმები შეტევას ცალკეულ კომპანიებზე, რომელთაც სჭირდებათ დრო ამ ბაზრის დასატოვებლად - მაგალითად, აქვთ დასასრულებელი კონტრაქტები. მიმაჩნია, რომ რუსეთი აუცილებლად დაისჯება ეკონომიკურად, რადგან ეკონომიკური სანქციები დღეს ყველაზე ძლიერ და ხანგრძლივმოქმედ იარაღად არის მიჩნეული. მე, როგორც ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი, არ ვეტყოდი კომპანიებს, რომ აი, დღეს უნდა გააკეთოთ თქვენი არჩევანი. მე ვეტყოდი, რომ თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვები. ჩვენ, კიდევ ერთხელ, სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიზნესს უნდა მივცეთ გარკვეული დრო, მოერგოს ახალ რეალობას"-აცხადებს EBA საქართველო-ს წარმომადგენელი ჯონ ბრეკეველდტი.




























