მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ასახავს ტურიზმის სტატისტიკა დარგში არსებულ ვითარებას? - ია თაბაგარის შეფასება

ია თაბაგარი

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკა დარგში არსებულ რეალურ ვითარებას არ ასახავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 5 091 732 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 9%-ია. ამასთან, გასულ წელს საქართველოში 7 368 149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 4.2%-იანი ზრდაა.

როგორც ტურიზმის ანალიტიკოსმა BMG-ის განუცხადა, მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების გარკვეულ ნაწილს საქართველოში საკუთარი ბიზნესები აქვთ და შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად ითვლებიან ისინი ტურისტებად.

“შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ტურიზმის დეტალური სტატისტიკა არ გვაქვს. რომ ვისაუბროთ ისეთ ქვეყნებზე როგორიცაა თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი რამდენადაა ეს ჩამომსვლელი ხალხი ტურისტი? თუ 24 საათზე მეტი რჩებიან ქვეყანაში და თავიანთ ბიზნესებს აკითხავენ, თურქები ან სომხები და საერთოდ არ ხარჯავენ საქართველოში ფულს, რამდენად არიან ისინი ტურისტები? რაც შეეხება რუსებს, ისინი ჩვენს პარალელურად ცხოვრობენ საქართველოში და სულაც არ არიან ტურისტები, მათ ბიზნესები აქვთ საქართველოში, ბათუმში კაფეები. ამიტომ ჩნდება კითხვა, ისინი ტურისტები არიან?”, - განაცხადა ია თაბაგარმა.

ამასთან, ია თაბაგარის შეფასებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც TOP 10 ვიზიტორ ქვეყანას შორის ევროკავშირის ქვეყნები არ არის, საქართველოში, ბოლო პერიოდში შექმნილი არასტაბილურობაა.

“ევროპელებისთვის [საქართველოში არ ჩამოსვლის] სერიოზული მიზეზია ის, რომ საქართველოში გაუგებარი სიტუაციაა და ქვეყანას დასანქცირებული მთავრობა ჰყავს. მათ მოსაზიდად მხოლოდ მარკეტინგი და ლამაზი ფოტოები არ კმარა”, - აღნიშნა ია თაბაგარმა.

ცნობისთვის, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით კვლავ რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 2024 წელს 1 42 1923 ვიზიტი შედგა, ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა. 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან 438 414 ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ვიზიტები მხოლოდ 4%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები