მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად დაგრძელდება გზა აეროპორტამდე ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენების შემდეგ?

თბილისის აეროპორტი ვაზიანის აეროპორტი

თბილისში, კონკრეტულად ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტს ააშენდება - ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პირველადი შეფასებით, ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა 1.2 მილიარდი დოლარი დაჯდება და მას ყველა ფაზის განვითარების შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში 19 მილიონი მგზავრის მიღება შეეძლება.

საქართველოს მთავრობა მოელის, რომ პროექტი კერძო ინვესტორის დაფინანსებით განხორციელდება. ჯერჯერობით უცნობია რა საკონცესიო პირობებით გამოცხადდება ახალი აეროპორტის მშენებლობის ტენდერი.

თბილისის აეროპორტსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკებს შორის დაშორება 8 კილომეტრს შეადგენს (სწორი ხაზი). თუმცა საავტომობილო გზა ამაზე ორჯერ მეტად დაგრძელდება. კახეთის გზატკეცილზე თბილისის აეროპორტის გადასახვევიდან ვაზიანის გადასახვევამდე მანძილი 8 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ვაზიანის გადასახვევიდან, სამხედრო აეროდრომამდე მანძილი 8.5 კილომეტრია. შესაბამისად, მთლიანობაში აეროპორტამდე მისვლა 16,5 კილომეტრით დაგრძელდება. ამ მანძილის გავლა ავტომობილით Google-ის შეფასებით, 24 წუთში არის შესაძლებელი.

2023 წელს თბილისის აეროპორტი 3,694,000 მგზავრს მოემსახურა. მისი გამტარიანობის პიკი 2018 წელს იყო, როდესაც მგზავრთა რაოდენობა 3,808,619-ს შეადგენდა, შესაბამისად ამჟამად თბილისის აეროპორტის მგზავრთა რაოდენობა უფრო ნაკლებია ვიდრე 5 წლის წინ იყო. ამის მიუხედავად, მთავრობა მიუთითებს, რომ აუცილებელია აეროპორტის გადატანა, რადგანაც არსებული აეროპორტის განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია.

საქართველოს მთავრობა ვაზიანში 70,000 კაცზე გათვლილი სტადიონის მშენებლობასაც გეგმავს - რის შესახებაც განცხადება მთავრობამ გუშინ გააკეთა. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს არც აეროპორტის განვითარების განაშენიანების რეგულირების გეგმა, არც ახალი აეროპორტის გრგ გეგმა, არც სატრანსპორტო განვითარების გეგმა არ არსებობს. უცნობია ისიც თუ როგორ აპირებს თბილისის მერია ახალი აეროპორტის მიმართულებით ახალი გზის გაყვანას თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის მოწესრიგებას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე 4 ძირითადი აეროდრომი/ასაფრენი ზოლი მდებარეობს - ესენია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი; ვაზიანის სამხედრო აეროპორტი, თბილისის საავიაციო ქარხნის ასაფრენი ზოლი და ნატახტარის აეროპორტი. უცნობია ისიც თუ როგორ მოხდება თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიის განვითარება მას შემდეგ, რაც აეროპორტი ვაზიანში გადავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები