მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ვაზიანის აეროპორტში საქმიანობის გაგრძელების ინტერესს აუცილებლად გამოვხატავთ - თეა ზაქარაძე

თეა ზაქარაძე

თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia, რომელიც ფრანგული ADP ჯგუფის წევრია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მართვაზე სახელმწიფოსთან გახანგრძლივებული კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ვაზიანის ახალი აეროპორტის მართვაში შესვლის ინტერესს აუცილებლად გამოხატავს. ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა თეა ზაქარაძემ BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულთან" ინტერვიუში განაცხადა.

"მე ყოველთვის მიყვარს გულწრფელობა. როცა ეს თემა პირველად გაჟღერდა, მაშინაც გულწრფელი ვიყავი და დღესაც ასე ვიქნები: მართალი არ ვიქნებოდი, რომ მეთქვა - ეს არ გვაინტერესებს-მეთქი. რა თქმა უნდა, როცა ამ სფეროში ხარ, ბაზარზე 20 წელია 2000-მდე პროფესიონალით და დიდი გამოცდილებით ოპერირებ, რაც შენს ბიზნესს ეხება ყველაფერი უნდა გაინტერესებდეს. შესაბამისად, ჩემი ინფორმაციით, ვაზიანის აეროპორტი აუცილებლად აშენდება. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და ჩვენთან მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს, თუმცა აუცილებლად გამოვხატავთ ინტერესს, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ საქმიანობა ვაზიანის აეროპორტში გავაგრძელოთ", - განაცხადა ზაქარაძემ.

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის, თეა ზაქარაძის განცხადებით, კომპანიის ოპერირება საქართველოში გრძელდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქმედი კონტრაქტი 2031 წლის ბოლომდე, ანუ 2032 წლამდეა ძალაში.

როგორც თეა ზაქარაძემ BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ აღნიშნა, აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო TAV Georgia-ს 1950 თანამშრომლისთვის, რომლებიც კომპანიის შვილობილ სტრუქტურებში არიან დასაქმებული. მისივე თქმით, TAV Georgia საქართველოში წარმოდგენილია ATU Duty Free-ით, რომელიც სამივე აეროპორტში ოპერირებს, TAV Operation Services-ით, რომელიც ლაუნჯებს მართავს, BTA-ით, რომელიც მგზავრების კვებას უზრუნველყოფს და TAV IT-ით, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტების IT ინფრასტრუქტურაზეა პასუხისმგებელი.

"ჩვენი 1950 დასაქმებულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, თუ რა იქნებოდა ხვალ. ძალიან ბევრი კითხვა მოდიოდა და მათ უკვე გაეცა პასუხი: ჩვენი ოპერირება საქართველოში გრძელდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონტრაქტი 2031 წლის ბოლომდე, ანუ 2032 წლამდე გვაქვს. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებას მანამ გააგრძელებს, სანამ ვაზიანის აეროპორტი არ გაიხსნება.

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პროცესებს. ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ეს საკითხი გვაინტერესებს და მზად ვართ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ბოლომდე საუკეთესო ფორმაში იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ კონტრაქტი 2032 წლამდე გვაქვს", - განაცხადა ზაქარაძემ.

შეგახსენებთ, "ოცნების" მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობის დასრულებისა და ამოქმედების შემდეგ, თბილისის არსებული აეროპორტი ოპერირებას შეწყვეტს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს მართვის უფლება 2031 წლამდე გაუხანგრძლივდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები