მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად დიდი ინტერესია სასტუმროებში მზის პანელების დამონტაჟების მიმართ? - კვლევა

63cbb65e2adf2
ალა ისპირიანი
21.01.23 13:40
1032
"სასტუმროებში მაღალია ინტერესი მზის პანელებისა და მზის წყლის გამაცხელებლებისადმი," - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Georgian Environmental Outlook -ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომელმაც მცირე ზომის სასტუმროებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება გამოიკვლია.

კვლევა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში - სტეფანწმინდის, მცხეთის, ქობულეთის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ბათუმში - სულ 26 სასტუმროში ჩატარდა და 2022 წლის დეკემბერში დასრულდა.

კვლევაში ასევე წერია, რომ დიდი ინტერესია მსგავსი პროექტების განსახორციელებლად თანადაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მიღებისადმი.

"ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაციის ფლობის დონის მიხედვით შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი ჯგუფი. პირველ ჯგუფს ინფორმაცია ტრენინგებიდან და სხვადასხვა ინტერნეტ თუ სატელევიზიო რესურსებიდან აქვთ. ინფორმაციის სიღრმე ენერგოეფექტურობის შესახებ ამ ჯგუფში შედარებით დიდია, საკუთარი ინტერესიდან გამომგინარე იციან ენერგოეფექტურობის, როგორც პირადი (თანხის დაზოგვა) ასევე საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი მნიშვნელობების შესახებ. მეორე ჯგუფს ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია შედარებით დაბალი აქვს და ძირითადად ინფორმაციას ტელევიზიებიდან ან ინტერნეტ რესურსებიდან იღებენ. ზოგადად, ორივე ჯგუფი მზადაა მეტი ინფორმაცია მიიღოს ენერგოეფექტურობის შესახებ თუ ეს მათ ბიზნეს გამოადგება.

ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაციის კიდევ ერთი წყარო შრომითი მიგრაციაა სხვა ქვეყნებში. მაგალითად, თურქეთში დასაქმებული (სეზონურად) რამდენიმე რესპონდენტი ან თურქეთთან რაიმე კავშირის მქონე რესპონდენტები (ძირითადად აჭარაში), უშუალოდ ხედავენ ენერგოეფექტურ პროექტებს (მაგალითად, მზის გამათბობლებს) და მათ ეფექტურობას, ამიტომ ერთ შემთხვევაში, მზის გამათბობელი რესპონდენტმა თურქეთიდან ჩამოიტანა. ინფორმაციას იღებენ სომხეთიდანაც სადაც ასევე აქვთ მზის გამათბობლები.

დონორი ორგანიზაციების აქტივობები ასევე ზრდის ინფორმაციას ენერგოეფექტურობის შესახებ. მაგალითად, მაჭახლის ხეობაში UNDP-ის დაფინანსებით, რამდენიმე ოჯახს გადაეცა მზის წყლის გამათბობლები, ასევე სტეფანწმინდაში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მოხდა რამდენიმე სახლის XPS-ით დათბუნება. ამ ღონისძიებების პოზიტიური ეფექტის შესახებ კი ინფორმაცია დაბა სტეფანწმინდაში და მაჭახლის ხეობის სოფლებში სწრაფად გავრცელდა.

რესპონდენტები ყველაზე ხშირად ინტერესდებიან მზის პანელებით ელექტროენერგიის მიღებისა და წყლის გათბობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებით. ასევე აღნიშნავენ, რომ მზად არიან თანადაფინანსებით განახორციელონ მსგავსი პროექტები, რადგან საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებენ ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებას. ასევე ინტერესდებიან ენერგოეფექტურ მინებზე და სხვა საკითხებზე", - წერია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები