ჩინური ავტომწარმოებელი BYD გასულ წელს ელექტრომობილების გლობალურ ბაზარზე ლიდერად იქცა, როგორც გაყიდული ავტომობილების, ასევე საფასო მრავალფეროვნების მიმართულებით.
BYD-ის მთავარ კონკურენტად ამერიკულ Tesla-ს ვხედავთ, რომელიც სამშობლოში დომინაციას განაგრძობს, თუმცა შეერთებული შტატების მიღმა ვითარება განსხვავებულია.
Rest of World-ის ინფორმაციით, არადასავლურ ქვეყნებში, სადაც ორივე კომპანია ოფიციალურად არის წარმოდგენილი, BYD-ის ელექტრომობილები გაცილებით იაფია Tesla-ს მოდელებთან შედარებით.
მაგალითად: მექსიკაში, ჩილეში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩინეთში, ჰონგ-კონგში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიასა და სინგაპურში BYD-ის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელები — Seagull, Dolphin ან Atto 3 — უფრო დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი, ვიდრე Tesla-ს Model 3, რომელიც ამერიკული კომპანიის ყველაზე იაფი მოდელია.
უფრო კონკრეტულად, ჩინეთის ბაზარზე BYD Seagull-ის საწყისი ფასი 9,600 დოლარს შეადგენს, როცა Tesla Model 3-ის ღირებულება $32,400-დან იწყება, ანუ სხვაობა 240%-იანია.
მიუხედავად იმისა, რომ Model 3 უფრო მაღალი კლასის ავტომობილია, ვიდრე Seagull-ი, საფასო სხვაობა მაინც დრამატულია, რაც მომხმარებელს BYD-ის ელექტრომობილების არჩევისაკენ უბიძგებს.
როგორც ცნობილია, Tesla მომავალ წელს ახალი, ბიუჯეტური ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს, რომლის ფასი $20-25,000-ის ფარგლებში უნდა იქნეს, თუმცა აზიურ ბაზრებზე BYD-ის დასამარცხებლად ესეც კი შეიძლება ვერ იქნეს საკმარისი, რადგან ჩინური კომპანია $10,000-დან $30,000-მდე სეგმენტში რამდენიმე განსხვავებული მოდელითაა წარმოდგენილი და თან BYD-ის პორტფელის მოცულობა გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე ილონ მასკის კომპანიის.