საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება", რომელიც დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის მოპოვებას მისი სიტყვების გამოყენებით ცდილობს, ქართველი ხალხისა და მთავარი პარტნიორების მიერ იზოლირებულია.
მან France 24-თან ინტერვიუში თქვა, რომ ტრამპი, რომელიც ძლიერი ამერიკის შესახებ საუბრობს, რეალისტია.
"ვფიქრობ, ტრამპი რეალისტია. ინაუგურაციაზე მისი მთავარი გზავნილი, რომელიც მე გავიგე ძლიერი ამერიკის შესახებ იყო. მაგრამ, რამდენად ძლიერია ამერიკა, როდესაც 3.7 მილიონიან პატარა ქვეყანას შეუძლია უცებ დასავლეთს ზურგი აქციოს, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ შებრუნდეს? რას გააკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა ამერიკული ფლოტისთვის დაიკეტება? ასე რომ, მთელი სტრატეგიული, რეალური სამყარო არსებობს, რომელთან დაპირისპირებაც მოუწევს, გარკვეული იდეოლოგიების მიმართ მისი სიმპათიების მიუხედავად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, რომელიც ტრამპის მხრიდან ვიქტორ ორბანთან დადებით დამოკიდებულებას შეეხებოდა იმ ფონზე, რომ თავად უნგრეთის პრემიერი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.




























