მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენად გაიზარდა მილიარდერების ქონება 2024 წელს?

მდიდარი

გასული 2024 წელი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში მყოფი ადამიანებისთვის განსაკუთრებით გამორჩეული აღმოჩნდა. მათი ჯამური ქონება, სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 12%-ით გაიზარდა, რაც $1.5 ტრილიონიან მატებას ნიშნავს. ასეთი შთამბეჭდავი ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, რომელთა შესახებ ამჯერად უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.

პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ, რომ 2024 წელს ტექნოლოგიურმა ინდუსტრიამ არნახული ზრდის დინამიკა დააფიქსირა. თავად ამ მოცემულობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ბაზარზე კომერციული დანიშნულების ხელოვნური ინტელექტი გამოჩნდა, რომელმაც ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის: Microsoft-ის, Google-ის, Meta-ს და Amazon-ის შემოსავლები მკვეთრად გაზარდა. AI-ბუმის ფონზე, გასული წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგები სწორედ იმ ადამიანებს ჰქონდათ, რომელთაც ტექნოლოგიურ სექტორთან აქვთ შეხება, მათ შორისაა: ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი, ჯეფ ბეზოსი, ლარი ელისონი და ჯენსენ ჰუანგი.

გარდა ამისა, გასულ წელს არაერთი სიახლე ვიხილეთ ბიოტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და სამედიცინო სექტორებში, რაც ამ მიმართულებით მოღვაწე კომპანიების აქციების ღირებულებაზე და მათი ინვესტორების ქონების შეფასებაზე დადებითად აისახა.

ტექნოლოგიური სიახლეების გარდა, გასული წელი გამორჩეული იყო მაკროეკონომიკური ტენდენციებითაც. პირველ რიგში, მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციური წნეხი დაიძლია, რომელიც 2020 წლის შემდეგ მთავარ გლობალურ გამოწვევას წარმოადგენდა. სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის სტაბილიზაციის ფონზე, ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება დაიწყეს, კაპიტალის გაიაფება კი, მოგეხსენებათ, საფონდო ბირჟის ზრდას უწყობს ხელს.

მორიგი ფაქტორი ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას უკავშირდება, რომელიც ინვესტორების ფავორიტი პოლიტიკოსია. როგორც ტრამპი აცხადებს, ის ყველაფერს გააკეთებს ამერიკული ბიზნესის მხარდასაჭერად, ეს კი კომპანიების შეფასებაზე და ინვესტორების განწყობაზე პოზიტიურად აისახება.

ტრამპის გაპრეზიდენტების ფონზე, ამერიკული საფონდო ბირჟა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და S&P500-ის საფონდო ინდექსმა ერთწლიან პერიოდში თითქმის 25%-იან მატება დააფიქსირა, რაც უოლ-სტრიტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

მართალია, Bloomberg-ის სიაში მყოფმა მილიარდერებმა საშუალოდ 12%-იანი ზრდა დააფიქსირეს, თუმცა ამ $1.5-ტრილიონიანი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ამერიკელ მეწარმეებსა და ინვესტორებზე მოდის, რადგან თითქმის ყველა ზემოხსენებული ფაქტორი, ძირითადად, ამერიკას ეხებოდა.

ევროპელ და აზიელ მილიარდერებს 2024 წელს მთლად სახარბიელოდ არ ჰქონიათ საქმე. უფრო მეტიც, უმდიდრესმა ევროპელმა მეწარმეებმა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს, მათ შორის: ბერნარ არნომ, ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსმა და ფრანსუა პინომ, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მსოფლიოს მასშტაბით ფუფუნების საგნებზე და ევროპულ Luxory-ბრენდებზე მოთხოვნა შემცირებულია, ეს კი ევროპულ საფონდო ბირჟაზე ნეგატიურად აისახება.

გარდა ამისა, ევროპული საავტომობილო ინდუსტრიაც კრიზისშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროსთან დაკავშირებულ ინვესტორებსაც 2024 წელს დიდად არ უხეირიათ.

ყველაფრის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელი გლობალური საფონდო ბირჟისათვის ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო და ინვესტორებს 2025-თან დაკავშირებით კიდევ უკეთესი პროგნოზი აქვთ, რაც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კონფლიქტების დასრულების მოლოდინით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები